“საქართველოს რკინიგზა” ზუგდიდი-თბილისის მატარებლის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება 2 მაისის დილით, სოფელ მარელისთან მომხდარ შემთხვევას, როცა, კომპანიის განმარტებით, ერთ-ერთი ვაგონი ლიანდაგს აცდა.
“ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა.
საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.