ზუგდიდი-თბილისის მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა 2 მაისის დილას, სოფელ მარელისთან მოხდა. “საქართველოს რკინიგზისა” და “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის” თანახმად, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, მატარებლის მეოთხე ვაგონი “გვირაბში ამოვარდა, რის შემდეგაც დაიწყო ხმაური”.
ინციდენტს ადასტურებს კიდევ ერთი მგზავრი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მატარებლის შემადგენლობის ნაწილი გვირაბის შიგნითაა დარჩენილი, ნაწილი კი — მის გარეთ.
მგზავრების ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ დაიწყო ევაკუაცია.
“ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ, მომხდარის შედეგად კი არავინ დაშავებულა. ამავეს ამბობს “საქართველოს რკინიგზაც”. კომპანიის განმარტებით, “მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით”. მომხდარის მიზეზი, ამ ეტაპზე, დაუზუსტებელია.
“ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა.
საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.