დიდ დიღომში, “ბერი ანდრიას ფონდის” შენობის პირველი სართული დაიტბორა. შენობაში ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზარდები იმყოფებიან. როგორც ფონდის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, დატბორილ სართულზე სამზარეულოა მოწყობილი.
“შემოვიდა წყალი და პრაქტიკულად სრულად დაფარა სამზარეულო, მწყობროდან გამოიყვანა ორი მაცივარი და სხვა ტექნიკა, ასევე სრულიად გაანადგურა სააღდგომოდ და ორი ბავშვის დაბადების დღისთვის მომზადებული საკვები და სრულიად მთელი მარაგი, რაც ფონდს ჰქონდა. პანდემიის პირობებში ამ პრობლემის გარეშეც ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა და დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო გაამწვავა ეს მდგომარეობა”, – წერია “ბერი ანდრიას ფონდის” ფეისბუკ პოსტში.
როგორც ფონდის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, ადგილზე მივიდნენ სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა.
პოსტში დახმარების მსურველთათვის მითითებულია საბანკო ანგარიშის ნომრებიც:
TBC BANK
#GE73TB7171536080100002
BOG.GE
#GE38BG0000000855311400
Liberty Bank
#GE88LB0115143636765001