ახალი ამბები

საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს — სუს-ის ანგარიში

26 აპრილი, 2021 •
საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს — სუს-ის ანგარიში

დღეს თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს.

მომხსენებელია სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი. მისი თქმით, სუსი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებთან ბრძოლაში ხელმძღვანელობდა “კანონის უზენაესობის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპების სრული დაცვით”.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების აქტიურობა კვლავ მთავარი გამოწვევა იყო — დაფიქსირდა ფარული ოპერაციების, კიბერშესაძლებლობებისა და ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენების მცდელობა პოლიტიკური, სამხედრო, სოციალურ-ეკონომიკური, იდეოლოგიური და სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ რუსული ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია და ადგილზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები წარმოადგენს.

სუს-ის თანახმად, რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა გავლენა მოახდინა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე. ამ მხრივ განსაკუთრებული გამოწვევა იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებული საბრძოლო მოქმედებები.

ოკუპირებული ტერიტორიები

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ოფიციალური მოსკოვი განაგრძობდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, ცენტრალური ხელისუფლებისგან ოკუპირებული რეგიონების იზოლაციისა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის გაუცხოებისკენ მიმართულ პროცესს.

ანექსიის კონტექსტში ხაზგასმულია 2020 წლის 12 ნოემბერს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცება, რომელიც ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ე.წ. სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაციას ითვალისწინებს და რუსეთის მოქალაქეებისთვის ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებისა და მათზე უძრავი ქონების, მათ შორის, ე.წ. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გასხვისების შესაძლებლობას აჩენს. სუსი ვარაუდობს, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რუსეთმა აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის აფხაზეთზე ზეწოლა ფინანსური დახმარების საკითხის გამოყენებით განახორციელა. კიდევ ერთხელ გააქტიურდა რუსეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე, ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ აიბღას რუსეთისთვის მიკუთვნების საკითხი, რაც სუს-ის შეფასებით, ასევე, ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილია.

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ანექსიის პირდაპირი საფრთხე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რადგან ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხს ღიად უჭერს მხარს. ამ მიმართულებით გადადგმულ მორიგ ნაბიჯად არის შეფასებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთსს შორის ე.წ. საბაჟო პროცედურების გამარტივება.

2020 წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების — 64, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 13 შემთხვევა იდენტიფიცირდა.

რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ბორდერიზაციის — 16 შემთხვევა, ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 60 შემთხვევა გამოვლინდა.

ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ინციდენტების უმოკლეს ვადაში გარკვევა/განმუხტვისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“ 2 836-ჯერ გააქტიურდა: 1 736-ჯერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ხოლო 1 100-ჯერ – ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. სუსი ამბობს, რომ 2020 წელს საოკუპაციო ძალების მხრიდან შეინიშნებოდა „ცხელი ხაზის“ მიზანმიმართული დაზიანების და პოლიტიზების მცდელობები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მიუხედავად, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის, ასევე, ოკუპაციის შედეგად დაღუპული დავით ბაშარულისა და ირაკლი კვარაცხელიას საქმეებში დამნაშავე პირების დასჯის მიმართულებით მდგომარეობა არ შეცვლილა.

ანგარიშში მოყვანილია ოკუპირებული რეგიონების რუსეთზე ფინანსური დამოკიდებულების კონკრეტული რიცხვები: რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ 4,5 მილიარდი რუსული რუბლი (63 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც ბიუჯეტის დაახლოებით 50%-ია; ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში რუსული დახმარება 6,2 მილიარდ რუსულ რუბლს (86 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა და ბიუჯეტის 82% შეავსო.

კონტრდაზვერვითი საქმიანობა

სუს-ის თანახმად, უცხო სახელმწიფოთა სპეციალური სამსახურები და ორგანიზაციები, მათ მიერ მართული ან დაფინანსებული აქტივობებისა და კამპანიების მეშვეობით, ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირდაპირ ან ირიბ ჩარევას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას, არეულობის შექმნას, ასევე, სახელმწიფო საფუძვლებისა და მმართველობის ფორმების შერყევას, ქვეყნის ინსტიტუციური სისტემების ფუნქციონირების შეფერხებას და მათი განვითარების შეზღუდვას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირებისა თუ პირთა ჯგუფების საქმიანობაში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედების მცდელობებს. სუსი კონკრეტულ მაგალითებს არ აკონკრეტებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

2020 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და აღნიშნულთან დაკავშირებული საფრთხეები, სუს-ის შეფასებით, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო — დაინტერესებული ჯგუფები განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მიმართულებით.

“აღნიშნული ჯგუფები აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებს შორის ვითარების დაძაბვას, კონკრეტული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კონფლიქტის გადმოტანას და იქ არსებული მშვიდობიანი გარემოს დაზიანებას. დესტრუქციული პროცესების ხელშესაწყობად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაციები მიმდინარე მოვლენებში საქართველოს სხვადასხვა ფორმით ჩართულობის შესახებ”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენები აქტიურად გამოიყენეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკის მომძლავრების მიზნით.

სუს-ის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია მსგავს პროცესებში მონაწილე პირები, სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები, კონკრეტული ორგანიზაციები და მათთან აფილირებული მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და დადგენილია, რომ აღნიშნული აქტორები მოქმედებდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში.

კორონავირუსის პანდემია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გამოავლინა ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის მართვაში ჩართული სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირების შესაფერხებლად, მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, ცრუ ინფორმაციის წინასწარი შეცნობით გავრცელებას და მოსახლეობაში შიშის, დაუცველობის განცდისა და პანიკის დათესვას ცდილობდნენ. აღნიშნულ ფაქტზე, საბოტაჟის მუხლით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი გლობალური კრიზისის ფონზე, სუს-ის თანახმად, განსხვავებულად რადიკალური და აგრესიული ხასიათი შეიძინა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ მართულმა კიბეროპერაციებმა. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა 2020 წლის სექტემბერში ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა, რომლის შედეგად ადგილი ჰქონდა სამედიცინო და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას და ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე მასობრივად ხელმისაწვდომ ფორმატში ატვირთვას.

ტერორიზმი

საქართველოსთვის ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში ანგარიშში დასახელებულია:
  • სირიასა და ერაყში „დაეშისა“ და „ალ-ქაიდას“ რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის მცდელობა;
  • უცხოელი ტერორისტი მებრძოლების, ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირების საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობა, მათ შორის ტრანზიტული მიზნით;
  • ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოში მოქალაქეების რეკრუტირების მცდელობა;
  • საერთაშორისო ტერორისტული აქტივობების შესაძლო დაფინანსება ან სხვა სახის დახმარება;
  • ტერორისტული ორგანიზაციების სავარაუდო მხარდამჭერების მიერ საქართველოში ტერაქტის შესაძლო განხორციელების მცდელობა.
სუს-ის ვარაუდით, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, სავარაუდოდ, იმყოფება საბრძოლო მოქმედებებში სხვადასხვა დროს მონაწილე საქართველოს 15 მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები.
2020 წელს საქართველოში ან საქართველოდან ტერორიზმის ფინანსური მხარდაჭერის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

ფარული მიყურადება

ქვეყნის ტერიტორიაზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება. ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში უფლებამოსილმა საგამოძიებო ორგანოებმა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში სულ წარადგინეს მოსამართლის 1 774 განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შესახებ და პროკურორის 205 მოტივირებული დადგენილება გადაუდებელი წესით ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების თაობაზე.

რაც შეეხება კორუფციას, 2020 წელს ანტიკორუფციულ სააგენტოში შესაძლო დანაშაულის შესახებ მოქალაქეთა მხრიდან შევიდა 55 განცხადება. აქედან 12 განცხადების საფუძველზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება, 12-ზე მიმდინარეობს შესწავლა, 23 განცხადება გადაიგზავნა სხვა უწყებებში, ხოლო 8 განცხადება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი