ერევანი გაახანგრძლივებს თურქული პროდუქციის ქვეყანაში შემოტანისა და გაყიდვის აკრძალვას. ამის შესახებ სომხეთის მოქმედმა ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა განაცხადა.
“ჩვენ გადავწყვიტეთ გავახანგრძლივოთ აკრძალვა თურქული პროდუქციის იმპორტზე, ასევე, მათ გაყიდვაზე, მაშინ, როდესაც ეს პროდუქცია იმპორტირებულია და გაყიდულია ალტერნატიული გზებით”, – განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კიდევ რამდენი ხნით ხანგრძლივდება აკრძალვა თურქულ პროდუქციაზე.
პირველად 6-თვიანი აკრძალვა 2020 წლის დეკემბერში დაწესდა. გადაწყვეტილება მიიღო სომხეთის ხელისუფლებამ, როგორც პასუხი თურქეთის მიერ მთიანი ყარაბაღის მეორე ომში ჩარევაზე.
სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, თურქეთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ ერეოდა ყარაბაღის მეორე ომში, მათ შორის საბრძოლო ტექნიკით ეხმარებოდა ბაქოს. ერევნის მტკიცებით, თურქეთმა ომში სირიელი მეამბოხეები ჩამოიყვანა. ბრალდებებს უარყოფენ ანკარასა და ბაქოში.