ახალი ამბები

თურქეთის სასამართლომ გაათავისუფლა ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი მოკლა

29 აპრილი, 2021 •
თურქეთის სასამართლომ გაათავისუფლა ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი მოკლა

თურქეთში სასამართლომ გაათავისუფლა ქალი, რომელმაც ხანგრძლივი, სისტემატური ძალადობის შემდეგ, ქმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მოსამართლემ დაადგინა, რომ მელექ იფექი, რომელიც 108 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, შემთხვევის დროს თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.

ამბავი ქალაქ ანტალიაში მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. 31 წლის ქალი თავის ჩვენებაში იმ სისტემატურ ძალადობას, წამებასა და მუქარებს აღწერს, რომელთა პირობებშიც თავისი 12-წლიანი ქორწინების განმავლობაში უწევდა ცხოვრება.

ზემოხსენებული ინციდენტისას, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მელექ იფექს მეუღლემ — რამაზან იფექმა — ბორკილები დაადო, გააშიშვლა და აწამა. რამაზან იფექი ცოლს იარაღის კონდახით სცემდა, პარალელურად კი ემუქრებოდა, რომ მოკლავდა მასაც და მცირეწლოვან ქალიშვილებსაც. ამის შემდეგ, ცემისგან დასუსტებული მეუღლე იქვე დატოვა და სახლიდან გავიდა.

რამაზან იფექი სახლში რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა და დაინახა, რომ მის მიერ ნაცემ მეუღლეს ხელებზე კვლავ ედო ბორკილები, თუმცა მოუხრხებია ხსენებული იარაღის აღება. ჩხუბის დროს ქალმა გაისროლა და მოძალადე ქმარი მოკლა. ამის შემდეგ მელექ იფექმა თავად დარეკა პოლიციაში და მომხდარის შესახებ აუწყა სამართალდამცავებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციის მისვლისას ქალის სხეულზე არსებული დაზიანებები ხილული იყო, თუმცა მაინც დააკავეს და მკვლელობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

26 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე ქალმა თქვა, რომ არასდროს ყოფილა მისი სურვილი, ასე მომხდარიყო. მისივე სიტყვებით: “თუ ჩემი ქმარი არ მოკვდებოდა, მოვკვდებოდით მე ან ჩემი შვილები”.

სასამართლოს დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ მელექ იფექის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე “მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის არასამართლიანი პროვოკაციის საპასუხოდ”, მან ეს ქმედება ჩაიდინა დაძაბულობის, შიშისა და პანიკის გამო. მოსამართლის თქმით, ეს უკანასკნელი გარემოება შეიძლება, მხედველობაში იყოს მიღებული, ვინაიდან მსხვერპლი მოქმედებდა თავდაცვის მიზნით, თავის სიცოცხლეზე, სხეულის მთლიანობასა და სექსუალურ თავისუფლებაზე შეტევის საპასუხოდ.

აღნიშნა რა, რომ “დასჯის საფუძველი არ არსებობს”, სასამართლო კოლეგიამ გაათავისუფლა მელექ იფექი.

“ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემ გვერდით იდგა. ველოდი ამ გადაწყვეტილებას, თუმცა არ მქონდა მოლოდნი, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა… მინდა, წავიდე სახლში, ჩემს შვილებთან და დავიძინო მათთან ერთად”, — თქვა მელექ იფექმა გათავისუფლების შემდეგ.

თურქეთში მოქმედმა პლატფორმამ “ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდს” ვერდიქტს პრეცენდენტული უწოდა და განაცხადა, რომ ქალთა ბრძოლა სამართლიანობისთვის მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა მათგანი არ იცხოვრებს თავისუფლად და თანასწორ გარემოში.

ამავე პლატფორმის მონაცემებით, ქვეყანაში გასულ წელს 300 ქალი გახდა გენდერულად მოტივირებული მკვლელობის მსხვერპლი. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიხედვით კი, თურქეთში ქალების თითქმის 40%-ია ძალადობის მსხვერპლი თავიანთი პარტნიორების ხელში. ევროპაში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს.

უფლებადამცველთა შორის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებამ, რომლის ძალითაც ქვეყანა ტოვებს კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ხელისუფლების ამ ნაბიჯს თურქეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ფოტო გარეკანზე: DHA

“არ გავჩუმდებით!” — პროტესტი თურქეთში სტამბოლის კონვენციის დატოვების წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი