ახალი ამბები

“ფაიზერის” ახალი დოზები ზაფხულში შემოვა – ტიკარაძე

28 აპრილი, 2021 • 1836
“ფაიზერის” ახალი დოზები ზაფხულში შემოვა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ “ფაიზერის” ვაქცინის ახალი დოზები ზაფხულში ჩამოვა ქვეყანაში. ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში განაცხადა.

“რაც შეეხება “ფაიზერს”, აქ არის გარკვეული გაუთქმელობის ხელშეკრულება, თუმცა მე შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ეს იქნება ზაფხულში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მანამდე დეპუტატმა ლევან იოსელინმა ჯანდაცვის მინისტრს სთხოვა დაესახელებინა კონკრეტული ვადები, თუ როდის შემოვიდოდა ქვეყანაში “ფაიზერის” ერთი მილიონი ვაქცინა. თუმცა ტიკარაძეს პასუხში არ დაუკონკრეტებია, მილიონიდან რამდენი დოზა შემოვა საწყის ეტაპზე.

ამასთან, ტიკარაძემ დღეს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ “ფაიზერი” დღესდღეობით სიზმარი აღარ არის” და “უკვე მიმდინარეობს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თარიღების დაზუსტება”, თუ როდის იქნება საქართველოსთვის ეს ვაქცინა ხელმისაწვდომი.

მისი თქმით, დღესდღეობით, საქართველოს აქვს გარანტია, რომ უწყვეტად მიიღებს Sinopharm-ის ვაქცინის 350 ათას, Pfizer-ის ვაქცინის მილიონ და ასევე, Astrazeneca-ს 100 ათას დოზას.

მასალების გადაბეჭდვის წესი