ახალი ამბები

ბულგარეთის პროკურატურა საქართველოსა და უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის აფეთქებაში რუსეთის მოქალაქეებს ადანაშაულებს

28 აპრილი, 2021 • 1559
ბულგარეთის პროკურატურა საქართველოსა და უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის აფეთქებაში რუსეთის მოქალაქეებს ადანაშაულებს

ბულგარეთის პროკურატურამ 2011, 2015, 2020 წლებში ტყვია-წამლის საწყობის აფეთქების ოთხ ინციდენტში ეჭვმიტანილად ცნო რუსეთის 6 მოქალაქე.

პროკურატურის წარმომადგენლის, სიიკა მილევას განცხადებით, შესაძლოა, შემთხვევები დაკავშირებული იყოს 2015 წელს იარაღის ბულგარელი მაგნატის, ემილიან გებრევის მოწამლვის ფაქტთანაც.

პროკურატურის ცნობით, იარაღისა და ტყვია-წამლის საცავების ოთხივე შემთხვევაში, სამხედრო პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოსა და უკრაინაში ექსპორტისათვის.

ბულგარული მედიის ცნობით, რომელიც პროკურატურას ციტირებს, “შეკრებილ მტკიცებულებებს მივყავართ დასკვნამდე, რომ რუსეთის მოქალაქეების მიზანი გახლდათ, შეეფერხებინათ სამხედრო პროდუქციის საქართველოსა და უკრაინისთვის მიწოდება”.

პროკურატურის განცხადებით, ისინი მუშაობენ ჩეხ კოლეგებთან ერთად, რათა დაადგინონ აღნიშნული აფეთქებებისა და 2014 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში აფეთქებულ სამხედრო საცავს შორის კავშირი, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

აფეთქებები ბულგარეთში და კავშირი საქართველოსთან

აფეთქების პირველი შემთხვევა ბულგარეთში 2011 წლის 12 ნოემბერს სოფელ დოლნი დოლში მოხდა, რა დროსაც იარაღის მწარმოებელი კომპანია EMCO-ს საცავის აფეთქებისას განადგურდა საქართველოსთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი.

მეორე შემთხვევა 2015 წელს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად დაფიქსირდა. აფეთქება მოხდა სოფელ იგანოვოში მდებარე საცავში, სადაც დასაწყობებული იარაღისა და ტყვია-წამლის ნაწილი ასევე ეკუთნოდა EMCO-ს.

მესამე აფეთქებაც 2015 წელს მოხდა, კვლავ სოფელ იგანოვოში. იარაღი და ტყვია-წამალი ვაზოვსკის მანქანათმშენებელი ქარხნის მიერ იყო წარმოებული, რომელიც ბულგარეთის ყველაზე დიდი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსია.

მეოთხე აფეთქება კი 2020 წელს მოხდა, რა დროსაც იარაღის მწარმოებელი ქარხნის, “არსენალის” ტერიტორიაზე მდებარე საცავი აფეთქდა.

აფეთქებების დროს მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. ოთხივე შემთხვევაში, იარაღი საქართველოსა და უკრაინისთვის იყო განკუთნილი.

პროკურატურის მიხედვით, იარაღის მაგნატის, გებრევის მოწამვლით მკვლელობის მცდელობა 2015 წლის 28 აპრილსა და 4 მაისს შორის პერიოდში მოხდა. მომხდარზე გამოძიებამ 2020 წელს რუსეთის სამი მოქალაქე ეჭვმიტანილებად დაასახელა.

რუსეთის რეაქცია

რუსული ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო საშუალების TASS-ის ინფორმაციით, ოფიციალურ სოფიას რუსეთის საელჩოსთვის არ უცნობებია გამოძიების შესახებ, სადაც რუსეთის მოქალაქეები დასახელდნენ ეჭვმიტანილებად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რომელიც ბულგარეთის პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, ევროკავშირი უნდა დაინტერესდეს იმით, თუ რამდენად აკონტოლებს წევრების მიერ იარაღით ვაჭრობის სფეროში დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.

„შემიძლია დავუშვა, რომ ევროკავშირი მაინც უნდა შეწუხდეს სიტუაციით ჩეხეთსა და ბულგარეთში. სიტუაციით, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ იარაღით ვაჭრობასთან და შენახვასთან შეხება აქვთ ვიღაც კერძო მეწარმეებს. ევროკავშირმა მაინც უნდა უპასუხოს ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე — რამდენად აკონტროლებს წევრების მიერ იარაღით ვაჭრობის სფეროში სხვადასხვა დოკუმენტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

მასალები დასავლურ პრესაში საკმარისზე მეტია. მე აქვე გამახსენდა, რომ ბატონმა [ემილიან] გებრევმა თუ მისმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჩეხეთის საწყობებში არანაირი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები არ ინახებოდა, რომ იქ მხოლოდ მათი კორპუსები იყო, მაგრამ იმავე მასალებში ნახსენებია, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ბატონმა გებრევმა ეს კორპუსები გაიტანა რომელიღაც ქვეყანაში, სადაც ისინი შიგთავსს ოპერატიულად ამატებდნენ.

არ იქნებოდა ურიგო, ევროკავშირს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აეხსნა, როგორ მოდის თანხვედრაში ეს ყველაფერი საერთაშორისო კონვენციებთან, რომლებსაც ევროკავშირის წევრებმა ხელი მოაწერეს”, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე განცხადებით, კითხვის ნიშნებს იწვევს ის ფაქტიც, რომ ბულგარეთის პროკურატურამ სწორედ ახლა დაიწყო ამ საკითხის აქტუალიზება.

“თავად დრო – ბოლო 10 წელი – გამოდის, რომ ბულგარული მხარე ვერაფერს ამჩნევდა და მხოლოდ ახლა, მას შემდეგ, რაც ჩეხეთში 2014 წლის ამბები გაიხსენეს, გადაწყვიტა მათთვის გადაესწრო და ისტორიულ რეტროსპექტივაში უფრო ღრმად ჩაეხედა. ან კიდევ, ამ დროის განმავლობაში მათ იცოდნენ, რა ხდებოდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო საჯაროდ არ აცხადებდნენ.

კიდევ კარგი, ჰერცოგი ფერდინანდი ჩვენ არ მოგვიკლავს, მაგრამ, მგონი, ყველაფერი აქეთკენ მიდის”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე.

აფეთქება ჩეხეთში და დიპლომატიური დაპირისპირება მოსკოვთან

ჩეხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა უკავშირდება დაბა ვრბეტიცეში 2014 წელს აფეთქებულ ტყვია-წამლის საცავს, რაც, ჩეხური მხარის მტკიცებით, რუსული სპეცსამსახურების მოწყობილი იყო. აფეთქებას ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე.

მომხდარის გამო, ჩეხეთმა ქვეყნიდან გააძევა რუსეთის 18 ოფიციალური პირი. საპასუხოდ რუსეთის ფედერაციამ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

მოგვიანებით, ჩეხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა დაეტოვებინა 63 რუს დიპლომატსა და მათ ოჯახებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რუსული მოქმედებაც. საბოლოოდ, მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, პრაღისა და მოსკოვის საელჩოებში დიპლომატთა რიცხვი 7 ერთეულამდე შემცირდება.

კრემლის განცხადებით, ჩეხეთის მოქმედებები “ისტერიაა”.

ჩეხეთს სოლიდარობა გამოუცხადა ნატომ, ბალტიურმა სახელმწიფოებმა, სლოვაკეთმა, პოლონეთმა და რუმინეთმაც.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საერთო ჯამში 7 ლიეტუველ, ესტონელ, ლიტველ და სლოვაკ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი