კორონავირუსის ანტივირუსული პრეპარატი შეიძლება წლის ბოლოს იყოს მზად, განაცხადა კომპანია Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ „ეს-ენ-ბი-სი-ს“ ეთერში.
ბურლას თქმით, კომპანია მუშაობს კორონავირუსის წამლის შექმნაზე, რომლის მიღებაც ორალური გზით, სახლის პირობებში იქნება შესაძლებელი ვირუსით ინფიცირების შემდეგ. მან აღნიშნა, რომ პრეპარატი, მოლოდინების მიხედვით, ეფექტური უნდა იყოს ვირუსის სხვადასხვა ვარიანტების წინააღმდეგ. მანვე დასძინა, რომ გამოკვლევის მესამე ფაზის გავლას და პრეპარატის ხელმისაწვდომობას, შესაძლოა, ამ წლის ბოლოსაც ველოდოთ.
ბურლამ აღნიშნა, რომ კომპანია მუშაობს ორ პრეპარატზე — ერთ-ერთი მიღებული უნდა იყოს ორალური გზით, მეორე კი ვენაში უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, კომპანია ფოკუსირებულია ორალურ ვარიანტზე „რამდენიმე უპირატესობის“ — მათ შორის საავადმყოფოში წასვლის აუცილებლობის არარსებობის გამო. ბურლას განცხადებით, პრეპარატთან დაკავშირებით კომპანია დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ზაფხულში მიაწვდის.
გარეკანის ფოტო: EPA