ახალი ამბები

ვაკვირდებით ამერიკული კატარღის შავ ზღვაში შემოსვლას – რუსეთი

28 აპრილი, 2021 •
ვაკვირდებით ამერიკული კატარღის შავ ზღვაში შემოსვლას – რუსეთი

რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის განცხადებით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აკვირდება ამერიკული სანაპირო დაცვის კატარღის, ჰამილტონის შავ ზღვაში შემოსვლასა და მის მოქმედებებს.

“შავი ზღვის ძალებმა დაიწყეს ჰამილტონის მოქმედებების მონიტორინგი, რომელიც შავ ზღვაში 27 აპრილს შემოვიდა”, – განაცხადა რუსულმა მხარემ.

მანამდე ამერიკის მე-6 საზღვაო ფლოტმა გაავრცელა განცხადება, რომ ეგეოსში მუშაობის შემდეგ, ამერიკული კატარღა შავ ზღვაში ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობისთვის შემოვიდოდა.

“ეგეოსის ზღვაში ხომალდ რუზველტთან მუშაობის დასრულების შემდეგ, კატარღა ჰამილტონი იწყებს სრუტეების გავლას შავ ზღვაში შესასვლელად. ჰამილტონი იმუშავებს ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად რეგიონში”, – ნათქვამია მე-6 ფლოტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შავ ზღვაში ჰამილტონის კლასის ამერიკული ხომალდი ბოლოს  2008 წელს შემოვიდა.

რუსული მხარის პოზიციის თანახმად, რეგიონის არაწევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობა ვერ უზრუნველყოფს შავი ზღვის სტაბილურობას.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, ამერიკული ხომალდები, დასავლურ და თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14-15 აპრილს უნდა შემოსულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხომალდები ზღვაში არ შემოვიდოდნენ.

შავ ზღვაში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა და აკვატორიის წევრი სახელმწიფოების რეგიონალური უსაფრთხოების როლების შესახებ გირჩევთ ნეტგაზეთის მასალას, რომელიც უკრაინის კრიზისის დროს, აპრილის თვეში მომზადდა.

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი