ახალი ამბები

მივესალმებით პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებას, ველით შემდეგ ნაბიჯებს – EU-ს წარმომადგენლობა

28 აპრილი, 2021 • 1089
მივესალმებით პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებას, ველით შემდეგ ნაბიჯებს – EU-ს წარმომადგენლობა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შემდეგ ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლას მიესალმება და განცხადებას ავრცელებს.

ისინი ასევე მიესალმებიან შეთანხმების შესაბამისად პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებას და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ შეთანხმების შერსულებისთვის შემდეგ ნაბიჯებს ელის.

“დღეს ოპოზიციური პარტიებისმხრიდან შეთანხმებაზე ხელმომწერნი შევიდნენ პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების სახელით საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხის მოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ვალდებულების განსახორციელებლად თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა.

ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამბედაობა სჭირდებოდა. ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების განსახორციელებლად, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის წინ წასაწევად.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ შეთანხმებას და ხელი შეუწყონ მის განხორციელებას, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე”, — ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი