“CRRC საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ პარლამენტში მეტ ქალ დეპუტატს ქვეყანაზე დადებითი გავლენა ექნებოდა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უშუალოდ ქალ გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ პარლამენტში უფრო მეტ ქალს დადებითი გავლენა ექნებოდა ქვეყანაზე.
კვლევის ავტორებმა გამოკითხულებს ასევე ჰკითხეს, მიაჩნიათ თუ არა საკმარისად 21 ქალი დეპუტატი 150 მანდატიდან, უმრავლესობა ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან მცირეა. ამ აზრს ყველაზე ხშირად იზიარებენ ის გამოკითხულები, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ.
ორგანიზაციამ კვლევა 2020 წლის 10-28 სექტემბერს ჩაატარა. კვლევის დროს სულ გამოიკითხა 1928 რესპონდენტი. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარი 2.2 პროცენტია. კვლევა ნაწილია პროექტისა, სახელწოდებით “საქართველოს მომავალი”, რომელსაც კარნეგი ევროპა და ლევან მიქელაძის ფონდი ახორციელებენ შვედეთისა და ფინეთის მთავრობების მხარდაჭერით.