ახალი ამბები

შსს: დავაკავეთ ნარკორეალიზატორები, რომლებსაც დანაშაულში მცირეწლოვანი ჰყავდათ ჩართული

27 აპრილი, 2021 •
შსს: დავაკავეთ ნარკორეალიზატორები, რომლებსაც დანაშაულში მცირეწლოვანი ჰყავდათ ჩართული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა, რომლებსაც უწყების განცხადებით, მძიმე დანაშაულში ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

უწყების განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

დამტკიცების შემთხვევაში ბრალი ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას:

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა-მ, ნ.გ-მ და ნ.კ-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ. გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი – ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი”, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების განცხადებით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი