ახალი ამბები

Pfizer-ის წარმომადგენლებთან მლნ დოზის მოწოდების საკითხი განვიხილე – პრემიერი

27 აპრილი, 2021 •
Pfizer-ის წარმომადგენლებთან მლნ დოზის მოწოდების საკითხი განვიხილე – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხზე Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმსასრულებელ დირექტორს ესაუბრა. როგორც ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს, კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სანდოობით სარგებლობს. პრემიერი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად საქართველო კიდევ მიიღებს ვაქცინების დამატებით დოზებს.

“Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან სატელეფონო საუბრისას Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ.

ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრაცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე – ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს.
მადლობას ვუხდი Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს თანამშრომლობისთვის და მჯერა, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ქვეყანა Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს”, – წერს ღარიბაშვილი.
19 აპრილს კორონავირუსის ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ პირებისთვის დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. ამას გარდა, ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეებ შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ მათთვის სასურველი ვაქცინა. ჩამონათვალიდან მაქსიმუმ 3 სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვთ. 16:10 საათისთვის  რეგისტრირებულია 59 718 ადამიანი, მათგან 57 025 სასურველ ვაქცინად Pfizer-ს ასახელებს. შემდეგ მოდის “მოდერნა”, “ასტრაზენეკა” და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი