რუსთავში, საწარმო “აზოტის” თანამშრომლები შენობის შესასვლელთან აქციას მართავენ და ხელფასების მომატებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი საშუალო ხელფასი 450-500 ლარს შეადგენს და მიუხედავად ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ 2 წლის წინ დადებული პირობისა, ეს თანხა არ გაზრდილა.
როგორც აქციის მონაწილეებმა “ინფო რუსთავთან” განმარტეს, ეკონომიკის მინისტრი 2019 წლის 31 ოქტომბერს საწარმოში იყო მისული და თანამშრომლებს ხელფასების 20%-ით მომატებას დაჰპირდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, საწყის ეტაპზე თურნავას ამ პირობის შესრულება საკმარისი იქნება, თუმცა ამას არ ეთანხმება აქციის სხვა მონაწილე, რომლის განმარტებითაც, 2019 წლის შემდეგ პროდუქტზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა და თანამშრომლების ხელფასები მინიმუმ 35%-ით უნდა გაიზრდოს.
“მაშინდელი 20% ახლა თითქმის აღარაფერი აღარაა იმიტომ, რომ ხალხი 450 და 500 ლარზე ვმუშაობთ და 20% უკვე მცირედი გამოდის. მივმართავთ ყველანაირ საშუალებას, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, გავმართავთ აქციებს, სანამ გვაქვს ხალხს ამის საშუალება”, – განამრტა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ამასთან, “აზოტის” თანამშრომლების განამრტებით, აქციის ორგანიზება სპონტანურად მოხდა, შესაბამისად, კონკრეტული საერთო მოთხოვნები არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მათი ანაზღაურება უნდა გაიზარდოს.
აქციის მიმდინარეობისას თანამშრომლებთან შესახედრად გამოვიდა საწარმოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი და განუცხადა, რომ ხელმძღვანელი პირები მზად არიან შეხვდნენ თანამშრომლებს, თუმცა სთხოვა, მათგან 20-მდე ადამიანი შესულიყო შენობაში და იქ ესაუბრათ. აქციის მონაწილეებმა კი მოითხოვეს, რომ ხელმძღვანელი პირები გარეთ გამოვიდნენ და ყველას ერთად გაესაუბრონ.
“საწარმოს ხელმძღვანელობა ჩვენთან კონტაქტზე გამოდის, მაგრამ, როგორც ყველა ქარხანაში ხდება, გვეუბნებიან, რომ საწარმო მუშაობს წაგებაზე. წლებია ერთი და იგივეს გვეუბნება ეს მთავრობა და ეს უფროსობა რაც მოვიდა ქარხანაში”, – განმარტა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “ინფო რუსთავთან”.
პროტესტის მონაწილე თანამშრომლების განცხადებით, მათი მიზანი საწარმოს მუშაობის შეჩერება არ არის და “ყველაფერს გააკეთებენ, რომ საწარმოს მუშაობას ხელი არ შეეშალოს”, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობისგან ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით0 კონკრეტულ პასუხებს არ მოისმენენ, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
“ნეტგაზეთიმა” სცადა “რუსთავის აზოტის” პრესსამსახურთან დაკავშირება, თუმცა ამ დროისთვის ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.