საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კოეფიციენტი ბოლო პერიოდში 1.59-დან 1.2-მდე შემცირდა. აღნიშნული კოეფიციენტი ასახავს, თუ საშუალოდ რამდენ ადამიანს აინფიცირებს COVID დადასტურებული ერთი პირი.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კლება დაწესებული შეზღუდვებისა და გამკაცრებული მონიტორინგის შედეგია:
“ის შედეგები, რომელიც დღეს გაგვაჩნია გამკაცრებული ღონისძიებებით და მონიტორინგის შედეგად, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. ნაკლები ღონისძიებები ტარდება და 70%-მდე აიწია პირბადის ტარების მაჩვენებელმა, რაც აისახა დაავადების გავრცელების კოეფიციენტზე.
თუ წინა პერიოდში ინფექციის გავრცლეების კოეფიციენტი ჩვენ გვქონდა 1.59-მდე, დღეისათვის ეს მაჩვენებელი არის 1.2. აქედან გამომდინარე, თუ საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა იზრდება, იმ ღონისძიებებთან მიმართებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო ეპიდემოლოგიურ გავლენებს, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ეპიდემიოლოგიური ვითარება იმგვარად, რომ ქვეყანა არ დადგეს ისევ გმაოწვევის წინაშე და არ გვქონდეს მკაცრი ლოკდაუნი ქვეყანაში”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ტელეკომპანია “იმედთან”.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 521 ხალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 11 226 ტესტის საფუძველზე გამოავლინეს, რომელთაგან 3 463 ანტიგენის იყო, 7 763 კი — PCR.
25 აპრილის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის განმავლობაში— 4.03%, ხოლო ბოლო ერთი კვირის — 4.51%. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 304 272-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 4 043 ადამიანი ემსხვერპლა.