ახალი ამბები

ბაქრაძე მის მიერ ამნისტიის კანონპროექტის მხარდაჭერის პირობებს ასახელებს

26 აპრილი, 2021 •
ბაქრაძე მის მიერ ამნისტიის კანონპროექტის მხარდაჭერის პირობებს ასახელებს

პარლამენტის არჩეული დეპუტატი დავით ბაქრაძე ამნისტიის შესახებ კანონის პროექტში აუცილებლად მიიჩნევს სამი პრინციპის გათვალისწინებას, რის გარეშეც კანონპროექტს პირადად მხარს არ დაუჭერს.

ბაქრაძის განცხადებით:

  1. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს დაზარალებულის აუცილებელ თანხმობას — ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ ამ პირის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მსხვერპლი არ იქნება თანახმა მის პატიებაზე;
  2. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას — ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან კონვენციით აკრძალულ სხვა დანაშაულს;
  3. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ იმ კონკრეტულ დანაშაულებს, რომელზეც მიმდინარეობს უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა — ეს ნიშნავს, რომ რადგან „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე არ გამოიძია, თუ ვინ იყვნენ 20 ივნისს ბრძანების გამცემი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, მომავალში, ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ, ამ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, რომელსაც დაუდგინდება ასეთი ტიპის დანაშაული.

ბაქრაძის თქმით, მოლაპარაკებების მთელი პროცესის მანძილზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიზებულ საქმეებზე ბრალდებული პირების მიმართ დევნის შეწყვეტა, მაშინ, როცა ხელისუფლებას არ დაუყენებია ბრალდებული სამართალდამცველების ამნისტირების საკითხი.

“ამიტომ ახლა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ეტაპზე, მხარეების ხელოვნური „გათანაბრება“ და ტოლობის ნიშნების დასმა ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შეთანხმების შესრულებისთვის ხელოვნური პრობლემის შექმნა. იმ ფონზე, როდესაც ნიკა მელიას პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც პირადად მე სამართლიანად მიმაჩნია, ამნისტიის პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესში ისედაც ბევრი სირთულე იქნება გადასალახი. მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესრულებას და სრულად გაითვალისწინოს ამნისტიის კანონში ზემოთ მოყვანილი სამი პრინციპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან შეუძლებლად მიმაჩნია მსგავსი კანონის ინიცირების, განხილვისა და კენჭისყრის პროცესების მხარდაჭერა”, — ნათქვამია დავით ბაქრაძის განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ინიცირება პარლამენტში 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი