თბილისში, 128-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ამბობს, რომ აღმზრდელმა მის შვილზე ფიზიკურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა.
ტელეკომპანიის ცნობით, მშობელი ამბობს, რომ 3 წლამდე ბავშვზე აღმზრდელმა საკვების მოთხოვნის გამო იძალადა, ამის შესახებ კი თავად ბავშვის სხეულზე ჩალურჯებების ნახვის შემდეგ შეიტყო:
“128-ე ბაღში ჩემს შვილზე დაფიქსირდა პედაგოგის მიერ ფიზიკური ძალადობა, შენჯღრევა და ხელის გარტყმა. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან, მერე ჩავეძიე, მოვითხოვე კამერების ჩანაწერები და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს.
ბავშვი უცხო პირებს რომ ხედავს, იმალება მშობლის უკან. სახეზე ხელს იფარებს, ვიღაც რომ უახლოვდება, რომ სახეში არ გაარტყან. მე ეს შთაბეჭდილება მრჩება, სახის მიდამოში ვინმეს მიახლოების ეშინია”, – განმარტა მშობელმა “ფომრულასთან”.
128-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მანანა ყავლაშვილი მშობლის მონათხრობს “ნეტგაზეთთან” ადასტურებს და ამბობს, რომ აღმზრდელი სამსახურიდან დღეს გაათავისუფლეს. ამასთან, მისი თქმით, სამუშაო პოზიცია შეუცვალეს კონკრეტული აღმზრდელის თანაშემწესაც.
“პარასკევ საღამოს [23 აპრილს] მშობელი მოვიდა, რომ კამერების ჩანაწერები ენახა, რადგან ბავშვს ცხვირი ჰქონდა მოწითლებული. საათნახევარი ვუყურეთ ჩანაწერებს, ძალიან ჭედავდა და მეორე დილისთვის ვნახეთ კადრები. ჩავთვალე საჭიროდ, რომ პოლიცია გამომეძახებინა, გამოვიძახე, საგამოძიებო უწყებები ჩაერთვნენ და გამოძიება მიმდინარეობს. მე, როგორც დირექტორმა, აღმზრდელი გავათავისუფლე სამსახურიდან და აღმზრდელის თანაშემწე გამოვიყვანე ჯგუფიდან, შევუცვალე სამუშაო ადგილი. აღმზრდელი არ უარყოფს. ახსნა-განმარტებები დავაწერინე ყველას და დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა”, – განმარტა ყავლაშვილმა.
მისი განცხადებით, კონკრეტული აღმზრდელი მეხუთე წელია, რაც 128-ე ბაგა-ბარში მუშაობს, თუმცა ამ დრომდე მის შესახებ საყვედური არ დაფიქსირებულა:
“რაიმე მსგავსი ფაქტი, რომ ყოფილიყო, როგორც ეს ფაქტი არ დაიმალა, ისე არ დაიმალებოდა სხვებიც”,- განაცხადა ყავლაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.