ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიაში ომანის ელჩს შეხვდა

26 აპრილი, 2021 •
სოხუმის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიაში ომანის ელჩს შეხვდა

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ცნობით, 25 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო საელჩოში, რომელიც დამასკოში მდებარეობს, შეხვედრა გაიმართა ბაგრატ ხუტაბასა და ომანის სასულთნოს მიერ სირიაში მივლენილ ელჩს – თურკი ბენ მაჰმუდ ალ-ბუსაიდს შორის.

როგორც ვებ-გვერდი იუწყება, ომანელმა დიპლომატმა ხუტაბას მიულოცა საელჩოს გახსნა და აფხაზეთის ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიაში რაულ ხუტაბა პერიოდულად მართავს შეხვედრებს დამასკოში მყოფ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან თუ სავაჭრო პალატების წარმომადგენლებთან.

მარტის თვეში მან შეხვედრები გამართა პაკისტანისა და იემენელი ჰუსიტების ელჩებთან. ასევე, სირია-ირანის გაერთიანებული სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მარტში აცხადებდა, რომ “აღნიშნული შეხვედრები ხორციელდებოდა, რათა შექმნილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან კონტაქტების დამყარების იმიტაცია”.

ომანის სასულთნო სუვერენული სახელმწიფოა.

საქართველოსა და ომანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის პირველ იანვარს დამყარდა.

საქართველოს ელჩი ქუვეითში როლანდ ბერიძე ასევე არის ელჩი ომანშიც. თავის ხმრივ, ომანს ჰყავს თბილისში მცხოვრები ელჩი კაის სალიმ ალი ალ საიდი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.

ფოტო გარეკანზე: აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო


ნეტგაზეთმა მარტის თვეში გამოქვეყნა მასალა, ბაგრატ ხუტაბას სირიაში მუშაობის, მისი პიროვნებისა და საქართველოს ოფიციალური პოზიციის შესახებ.

სოხუმის ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირიაში უცხოელ დიპლომატებს ხვდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი