ბოლო დღეების განმავლობაში ინდოეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის ისტორიაში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
25 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა ვირუსის 350 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, რაც ერთი ქვეყნის შემთხვევაში, მსოფლიოში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტების აზრით, რეალური მონაცემები გაცილებით მაღალია, თუმცა სტატისტიკის ზუსტი აღრიცხვა ვერ ხერხდება.
ინდოეთის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის (1.4 მილიარდამდე) გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების დაფიქსირებული მაჩვენებლით ქვეყანა კვლავ ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ბრაზილია, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, იტალია და სხვა. თუმცა ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სიმწირისა და გაუმართაობის გამო ქვეყანა ჯანდაცვის კრიზისის წინაშეა.
ინდოეთში შექმნილი მძიმე ვითარების გამო სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის, აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი, ინდოეთში ჟანგბადის სასუნთქ აპარატებს გზავნის. ინდოეთს დახმარება შესთავაზა მეზობელმა პაკისტანმაც. მეზობლებს ერთმანეთთან ტრადიციულად დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
ვითარება ინდოეთში
ინდოელი ინფექციონისტების განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის რეკორდული ტემპით გავრცელება დიდ რელიგიურ თავშეყრებს, საჯარო თავშეყრის ადგილების გახსნასა და რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდება. მათი განცხადებით, მეორე ტალღის დაწყების ნიშნები ჯერ კიდევ თებერვალში იყო, თუმცა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან ამას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია.
“თებერვალში ვაცხადებდი, რომ ვირუსი არსად არ წასულა და ცუნამი დაგვატყდებოდა თავს, თუ სასწრაფო ზომებს არ მივიღებდით. სამწუხაროდ, ცუნამმა საბოლოოდ ახლა დაგვარტყა.
ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ყალბი განცდა გაჩნდა, მათ შორის ხალხსა და ოფიციალურ პირებს შორისაც. არ იქნა მიღებული ზომები, რათა შეჩერებულიყო მეორე ტალღა”, — განუცხადა BBC-ის კარელას შტატის ვირუსთან ბრძოლის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.
ექსპერტების შეფასებით, ვირუსის სწრაფად გავრცელებას მოსახლეობის სიღარიბე და სიმჭიდროვეც უწყობს ხელს.
BBC-ის ცნობით, დელიში, სადაც დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ყველა საავადმყოფო გადავსებულია და ვერ ახერხებს ახალი პაციენტების მიღებას. საავადმყოფოებში ასევე არის ჟანგბადის სასუნთქი აპარატებისა და უშუალოდ თხევადი ჟანგბადის დეფიციტიც, რაც ხშირ შემთხვევაში პაციენტების დაღუპვის მიზეზი ხდება.
BBC-ის მიხედვით, მოქალაქეები, რომელთაც საავადმყოფოებში მოხვედრა სურთ, საკუთარ რიგს ქუჩაში ელოდებიან.
ქვეყანაში სრული დატვირთვით მუშაობს კრემატორიუმებიც.
“მე მსგავსი საშინელი ვითარება არასდროს მინახავს. არ შემიძლია დავიჯერო ის, რაც ჩვენს დედაქალაქში ხდება. ხალხი ვერ იღებს ჟანგბადს და კვდებიან, როგორც ცხოველები”, — უთხრა BBC-ის ერთ-ერთი კრემატორიუმის მესაკუთრემ.
რა როლი აქვს ახალ ვარიანტს ვირუსის სწრაფ გავრცელებაში
25 მარტს ინდოეთმა გამოაცხადა, რომ აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც დაფიქსირდა ქვეყნის არაერთ შტატში.
ახალი ვარიანტი B.1.617 -ის სახელითაა ცნობილი, მას ინდურ, ან “ორმაგი მუტაციის” ვარიანტსაც უწოდებენ.
ახალ ვარიანტის “ორმაგი მუტაციის” სახელით მოხსენიება უკავშირდება იმას, რომ B.1.617-ს აქვს ორი ძირითადი მუტაცია, რაც მას პირველყოფილი ვარიანტისგან განასხვავებს.
ვირუსები მუდმივად განიცდის მუტაციას და შესაძლოა, რამდენიმე მიმართულებით შეიცვალოს. აუცილებელი არ არის, მუტაციების რიცხვი განაპირობებდეს ვირუსისგან მომავალ საფრთხეს. რიგ შემთხვევებში, მუტაციის შემდეგ შესაძლოა, ვირუსი დასუსტდდეს კიდეც.
ვირუსოლოგი შაჰიდ ჯამილი BBC-სთან საუბარში აცხადებს, რომ “ორმაგი მუტაცია [შესაძლო ინდური ვარიანტი] შესაძლოა, გახდეს მისი უფრო გადამდებობის მიზეზი ვირუსის გავრცელების მთავარ არეალში. ასევე, დაეხმაროს ვირუსს, უფრო ადვილად “გაექცეს” იმუნურ სისტემას”.
მისივე თქმით, ცვლილება ვირუსში, ანუ მუტაცია, არის ერთადერთი “ლოგიკური ახსნა” ვირუსის ასეთი ტემპებით გავრცელებისთვის.
დღეისათვის ზუსტად უცნობია, არის თუ არა ინდური ვარიანტი უფრო გადამდები, ან აქვს თუ არა უნარი, გაუმკლავდეს ვაქცინებს. მისი კვლევები ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი ვირუსის ახალი მუტაციის თვისებები, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვირუსოლოგ ჯერემი კამილის განცხადებით, იგი ეჭვობს, “რომ ინდური ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ბრიტანული, თუმცა მსოფლიო არ უნდა აჰყვეს პანიკას.”
ინდური ვარიანტის შესახებ ამჟამინდელი მწირი ცოდნა განპირობებულია იმით, რომ ინდოეთში სისტემატურად არ ტარდება ახალი ვარიანტის დასადგენი ტესტირება და კვლევები.
საერთაშორისო დახმარება
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაერთიანებულმა სამეფომ ინდოეთს 495 ჟანგბადის კონცენტრატორი გაუგზავნა, რომელსაც შეუძლია ჟანგბადი ჰაერიდან შეიწოვოს მაშინ, როდესაც საავადმყოფოებში არსებული ჟანგბადის მარაგები ამოიწურება. გაერთიანებულმა სამეფომ ასევე გააგზავნა 140 სასუნთქი აპარატიც.
ამ დრომდე აშშ-დან სხვა ქვეყნებში ვაქცინების შესაქმნელად საჭირო პირველადი მასალების ექსპორტი აკრძალული იყო. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ისინი ნებას რთავენ ვაქცინების ინდურ მწარმოებლებს, რომ აღნიშნული მასალები ინდოეთში შეიტანონ.
საფრანგეთის გადაწყვეტილებით, ქვეყანა ინდოეთს ჟანგბადის მარაგით დაეხმარება. ჟანგბადისა და წამლების მარაგს გააგზავნის ევროკომისიაც.
ინდოეთს დახმარება შესთავაზა პაკისტანმაც, რომელსაც ქაშმირის კონფლიქტის გამო ინდოედთან დაძაბული ურთიერთობები აქვს.
ქვეყანაში ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო ინდოეთიდან ფრენები შეწყვიტა გაერთიანებულმა სამეფომ, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და კანადამ. საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს მეზობელი ბანგლადეშიც.