სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც გამოხატავს საქართველში 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს.
ამერიკის ხმის ცნობით, რეზოლუციის სპონსორები სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონია. მასთან ერთად რეზოლუციას სპონსორობას ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში უწევენ. რეზოლუცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულებას უჭერს მხარს. ის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და ქვეყანას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესასრულებლად სენატორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მუშაობა დაყოვნების გარეშე განაახლოს.
რეზოლუციის ტექსტის შემუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სენატორმა შაჰინმაც.
“მეამაყება შევუერთდე სენატორებს, ჯონსონს და რიშს სენატისთვის იმის მოწოდებაში, რომ [სრულმა სენატორმა] მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ ამ კვირის დასაწყისში ჩიხური მდგომარეობის დასასრულებლად მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებას. მინდა საქართველოს მივულოცო ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მძიმე მუშაობა ახლა იწყება. რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და მოლოდინს, რომ საქართველო სრულად შეასრულებს შეთანხმების პირობებს დემოკრატიის წარმატებისთვის“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
ამერიკის ხმის ცნობით, მან ასევე დასძინა, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იმუშავებს ისეთ მწვავე მიმდინარე საკითხებზე, როგორიცაა მძიმე ეკონომიკური სიტუაცია და კოვიდ-19-ის პანდემია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს ფართო მასშტაბების შედეგები აქვს რეგიონში და მსოფლიოს გარშემო დემოკრატიის მდგომარეობაზე და ჩვენ მზად ვართ მის მთავრობას და მის ხალხს დავეხმაროთ მოქნილი დემოკრატიის აშენებაში“.
რეზოლუციის ტექსტის სრული სენატისთვის გაგზავნის შემდეგ განცხადება სენატორმა ჯიმ რიშმაც გააკეთა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ახლა კი მისი უფროსი რესპუბლიკელი წევრია. მისი თქმით, „პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის დაიდო, კიდეც ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა გრძელდება.
მე აქამდეც ვთქვი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს და ორივე მხარე უნდა შევაქოთ მათი ლიდერობისა და სიმამაცისთვის, რომლითაც ამ კომპრომისისთვის იმუშავეს ყველა ქართველის საკეთილდღეოდ, მაგრამ ჯერ ბევრი საქმეა დარჩენილი იმისთვის, რომ პოლიტიკური ნდობა და ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული საქართველო აღდგეს“.
საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღების ინიციატივით ერთი თვის წინ სენატორი რონ ჯონსონი გამოვიდა. მან ეს იდეა სენატში 23 მარტს გამართულ მოსმენაზე გაახმიანა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩვენებებს ისმენდნენ საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე. მოსმენის დამთავრებისთანავე “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარებში სენატორებმა, შაჰინმა და რიშმა რეზოლუციის მხარდაჭრაზე მზაობა გამოთქვეს.