ახალი ამბები

ბრიტანეთიდან საქართველოში შემოსვლისას სავალდებულო კარანტინი გაუქმდა

23 აპრილი, 2021 •
ბრიტანეთიდან საქართველოში შემოსვლისას სავალდებულო კარანტინი გაუქმდა

დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის მქონე პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, დღეიდან, 23 აპრილიდან, სავალდებულო კარანტინში აღარ გადავლენ. მათ მოეთხოვებათ შემოსვლიდან მესამე დღეს მხოლოდ PCR ტესტის ჩაიტარება.

ამ დრომდე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიხედვით, პირები, რომლებსაც ჰქონდათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას 12 დღით ექვემდებარებოდნენ საკარანტინო სივრცეში გადასვლას.

აღნიშნული პუნქტი მთავრობამ დღეს, 23 აპრილს, გააუქმა.

დღეს არსებული რეგულაციებით, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია საქართველოში საჰაერო გზით ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. ამასთან, აღნიშნული პირები გათავისუფლებული იქნებიან წინასწარი რეგისტრაციის, PCR ტესტის წარმოდგენის და კარანტინის გავლის ვალდებულებისგან.

გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც არის – ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯით.

არის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზეც შეუძლიათ.

ამ ქვეყნების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/332617/

მასალების გადაბეჭდვის წესი