დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით დაახლოებით ხუთი ათასი სამედიცინო პერსონალია აცრილი, ხოლო ვაქცინაციაზე ჯავშანი 4000-ს აქვს გაკეთებული. გამყრელიძის თქმითვე, აცრების ეს მაჩვენებელი დაბალია.
“22 ათას ადამიანს აქვს დაჯავშნილი 15 მაისამდე და მაქვს ინფორმაცია, რომ მათგან 4 ათასი სამედიცინო პერსონალია. ზოგადად, როგორც მოგახსენეთ, დღევანდელი მონაცემებით 35 ათასი ადამიანია აცრილი და სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს დაახლოებით ხუთი ათასამდე. ანუ დაჯავშნილი აქვს 4 ათას ადამიანს, აცრილია დაახლოებით 5 ათასი”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
23 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 34 897 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმით ერთი წლის განმავლობაში 46 420 სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას, რაც ჯანდაცვის მუშაკების საერთო რაოდენობის 65%-ია.