ახალი ამბები

11-მა მოსამართლემ საკუთარი საეჭვო დიპლომები სასამართლოსვე დაამოწმებინა — კვლევა

23 აპრილი, 2021 • 2507
11-მა მოსამართლემ საკუთარი საეჭვო დიპლომები სასამართლოსვე დაამოწმებინა — კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ (ყოფილი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”) გამოაქვეყნა მოსამართლეების განათლების ხარისხის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კვლევა.

„უფლებები საქართველომ“ შეისწავლა 299 მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სხვა მონაცემები.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, „მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით“.

კვლევის თანახმად:

  • 11 მოსამართლეს — მაკა გველესიანს, ლევან გელოვანს, ინდირა მაშანეიშვილს, დავით ნარიმანიშვილს, მადონა მაისურაძეს, არარატ ესოიანს, მაია გიგაურს, ნინო ბუაჩიძეს, ანაიტ ოგანესიანს, დავით სვანაძეს და მაკა ჭედიას — განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა ან/და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე უარი უთხრა.
  • 11 მოსამართლიდან ხუთის — ლევან გელოვანის, მაკა გველესიანის, ინდირა მაშანეიშვილის, მაია გიგაურის და ანაიტა ოგანესიანის — შემთხვევაში განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაადასტურა არათუ მაგისტრთან გათანაბრების, არამედ უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების ფაქტი.
  • განსაკუთრებით პრობლემურია ორი მოსამართლის — მაია გიგაურის და ანაიტ ოგანესიანის — შემთხვევა. მოსამართლე მაია გიგაურის დიპლომთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განმარტებით, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, რომელზეც მოსამართლე სწავლობდა, არ ითვალისწინებდა კვალიფიკაციის ან ხარისხის მინიჭებას. წარმოდგენილი დიპლომით მოსამართლე ანაიტ ოგანესიანმა 1997 წელს დაასრულა ერევნის ეკონომიკურ-იურიდიულ უნივერსიტეტი. სომხეთის მხარის მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტი სომხეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იყო მხოლოდ 2001 წლიდან. ამ თარიღამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი არ წარმოადგენდა სახელმწიფო ნიმუშის დიპლომს და არ იყო აღიარებული სომხეთის რესპუბლიკაში.

„უფლებები საქართველო“ აღნიშნავს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი უფლებამოსილი სახელმწიფო უწყება, რომელიც ადასტურებს დიპლომის ნამდვილობას და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებას. კვლევის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარის მიუხედავად, ზემოთ ჩამოთვლილმა 11-მა მოსამართლემ სასამართლოს გზით გადაწყვიტა დიპლომების დადასტურება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება და სასურველ შედეგსაც მიაღწია — სასამართლომ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს დაავალა, სადავო დიპლომები მაგისტრის ხარისხთან შესაბამისად ეცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ 11-მა მოსამართლემ საკუთარი უმაღლესი განათლების ხარისხი სასამართლოს საშუალებით შეუსაბამა მოსამართლეობისთვის საჭირო საკანონმდებლო მოთხოვნას. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილში გამოვლენილი შეხედულებები კრიტიკას ვერ უძლებს”, — ნათქვამია კვლევაში.

“11 მოსამართლის დიპლომი იყო პრობლემური. ეს ის შემთხვევებია, როდესაც მოსამართლეებმა სასამართლო სისტემის მეშვეობით მოახერხეს საკუთარი დიპლომების როგორც დადასტურება, ასევე, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება”, — განაცხადა “უფლებები საქართველოს” პროექტის კოორდინატორმა კარლო ნიკოლეიშვილმა.

კვლევას გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. გვრიტიშვილის თქმით, დიპლომის და განათლების ხარისხთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებს განხილული აქვთ ასეულობით საქმე და მიუხედავად იმისა, მომჩივანი იქნებოდა მოსამართლე თუ არამოსამართლე პირი, გადაწყვეტილებები მიიღებოდა კანონის საფუძველზე.

“სასამართლო სწორედაც იმიტომ არსებობს, რომ დავები განიხილოს. იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოები უარს ეუბნებიან მოქალაქეებს მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეების გადაწყვეტაზე, ეს პირები მიმართავენსასამართლოს აბსოლუტურად კანონიერი წესით და აღწევენ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანას. ამიტომ მხოლოდ ის ფაქტი, რაზეც აპელირებენ კვლევის ავტორები, ცენტრმა უარი უთხრა თურმე და სასამართლომ უღიარა, ე.ი. მოსამართლეები მიკერძოებულები იყვნენ კოლეგების მიმართ, არის სიცრუე. მოსამართლეების გარდა, მსგავსი საქმეებით სასამართლოებს გასულ წლებში ასეულობით და შეიძლება, ათასეულობით ადამიანი მიმართავდა”, — განაცხადა გვრიტიშვილმა.

იხილეთ ასევე:

პოლიტიკური შეხედულებები, დისკრიმინაცია და ჰომოფობია მოსამართლეთა პოსტებში —  კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი