ახალი ამბები

“ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინები ორსულებისთვის უსაფრთხოა — კვლევა

23 აპრილი, 2021 • 1554
“ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინები ორსულებისთვის უსაფრთხოა — კვლევა

კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის” და “მოდერნას” ვაქცინები ორსულობისთვის სერიოზულ რისკს არ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს New England Journal of Medicine-ზე დაყრდნობით.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, ორსულებისთვის კორონავირუსი შეიძლება მძიმე ფორმებში განვითარდეს და გაზარდოს ისეთი უარყოფითი შედეგების რისკი, როგორიც არის ნაადრევი მშობიარობა. კვლევა კი აჩვენებეს, რომ mRNA ვაქცინები ორსული და მეძუძური ქალებისთვის ეფექტურია და ვაქცინის სიკეთეები მის რისკებს აღემატება.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში, 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 28 თებერვლამდე, გამოიკვლიეს 35 691 ფეხმძიმე ქალის მონაცემები, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის სმარტფონზე დაფუძნებული V-safe სისტემის გამოყენებით და “ვაქცინების გვერდითი ეფექტების შეტყობინების სისტემით” (VAERS) შეგროვდა. კვლევის მონაწილეების ასაკი 16-დან 54 წლამდე იყო.

V-safe სისტემა CDC-ის მიერ შემუშავებული მეთოდია, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ მოკლეტექსტური შეტყობინებების და გამოკითხვების საშუალებით, ორსული ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იღებს ინფორმაციას.

რაც შეეხება უშაულოდ კვლევის შედეგებს, CNN-ის ინფორმაციით, V-safe სისტემაში 3 958 დარეგისტრირებული ქალის მონაცემები შეისწავლეს mRNA ვაქცინის მიღების შემდეგ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 827 დასრულებული ორსულობიდან 115 (13.9%) ნაადრევად შეწყდა, 712 (86.1%) შემთხვევაში კი ჩვილი დაიბადა. ნაადრევი მშობიარობა მონაწილეთა 9.4%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა და მათ შორის მხოლოდ 3.2% იყო მცირე ასაკის. არ დაფიქსირებულა ახალშობილთა გარდაცვალების ფაქტები.

კვლევის თანახმად, CDC-ის VAERS-ის მეშვეობით ორსულობასთან დაკავშირებული 221 გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა, 46 მათგანის შემთხვევაში კი ქალებს მუცელი მოეშალათ.

ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ასახული შედეგები გართულებული ორსულობების მხრივ არ განსხვავდებოდა იმ მონაცემებისგან, რომელიც პანდემიამდეც არსებობდა.

მკვლევრები ასევე აკვირდებოდნენ ვაქცინაციის გვერდით ეფექტებს ორსულობისას და აღმოაჩინეს, რომ ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი იყო ინექციის ადგილას ტკივილი. აღნიშნული გვერდითი ეფექტი უფრო ხშირი იყო ორსულებში, ვიდრე სხვა ვაქცინირებულ ადამიანებში, თუმცა, მისგან განსხვავებით, ორსულებში ნაკლები სიხშირით იყო გამოხატული თავის და კუნთების ტკვილი, შემცივნება და მაღალი ტემპერატურა.

CNN-ის ცნობით, კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ამ საკითხის გარშემო საბოლოო დასკვნების გაკეთებისთვის უფრო ხანგრძლივი კვლევებია საჭირო, რომლის ფარგლებშიც ასევე შეისწავლიან მათ შედეგებსაც, ვინც ორსულობის დასაწყის ეტაპზე აიცრა. მანამდე კი, მკვლევრების განმარტებით, აღნიშნული კვლევა ორსულ ქალებს და მათ ჯანდაცვის მიმწოდებლებს ვაქცინაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი