ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინმა გვითხრა, “გავფრინდებითო” | ბჟანია სოხუმის აეროპორტის შესახებ

23 აპრილი, 2021 •
პუტინმა გვითხრა, “გავფრინდებითო” | ბჟანია სოხუმის აეროპორტის შესახებ

რუსეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა tass-თან ვრცელ ინტერვიუში აფხაზეთში აეროპორტის ამუშავების საკითხზეც ისაუბრა.

“ფრენებამდე ძალიან შორია. თუმცა ამოცანა დასახულია რუსეთის პრეზიდენტის მიერ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინაშე. ამ პრობლემით დაკავებულია “როსავიაციის” ხელმძღვანელი ალექსანდრ ნერადკო და მისი სტრუქტურა. განსაზღვრულია პოტენციური ინვესტორი, რომელიც საკუთარი განზრახვის სერიოზულობაში გვარწმუნებს.  არაერთხელ ჩამოსულან სპეციალისტები, რომლებიც მოსამზადებელ ტექნიკურ ამოცანაზე მუშაობენ. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა [პუტინმა] თქვა, რომ “გავფრინდებით”.

აეროპორტის ამუშავება, როგორც ბჟანია ამბობს, შეცვლიდა აფხაზეთის მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და განწყობას.

“ეს ძალიან დიდი გარღვევა იქნება აღმოსავლეთი აფხაზეთის განვითარებისთვის, რომელიც არანაკლებად მომხიბლავია, თუმცა, ნაკლებად კეთილმოწყობილი. მისი გაშენება სწორად უნდა მოხდეს, გააზრებული ტერიტორიული დაგეგმარებით,  ქაოსური მშენებლობების გარეშე”.

დე ფაქტო პრეზიდენტის ცნობით, აეროპორტის სრულფასოვნად ამუშავებისთვის დაახლოებით 4,5 მილიარდი რუსული რუბლია [დაახლოებით, 50 მილიონი ევრო] საჭირო.

რუსი ინვესტორის მიერ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის საკითხი უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტუალურია.

სოხუმის აეროპორტის გახსნის თემას თბილისი დაახლოებით ორი წლის წინ გამოეხმაურა.

“საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ”, – ასე შეაფასა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სოხუმის აეროპორტში რუსული მხარის მიერ საპროექტო სამუშაოების დაწყება.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, როგორც მაშინ სააგენტოში აცხადებდნენ, “ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე”.

სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი