ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი გვეხმარება, მაგრამ ეს არასაკმარისია, რუსი ინვესტორები გვჭირდება | ბჟანია

23 აპრილი, 2021 • 774
რუსეთი გვეხმარება, მაგრამ ეს არასაკმარისია, რუსი ინვესტორები გვჭირდება | ბჟანია

“რუსეთი გვეხმარება და ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა, მაგრამ ჩვენი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად ეს დახმარება არასაკმარისია. ამიტომაც შევქმნით კიდევ უფრო მისაღებ პირობებს რუსი ინვესტორების მოსაზიდად”, – ამის შესახებ რუსეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა tass-თან ისაუბრა.

ბჟანიას განმარტებით, ამჟამად რუსეთსა და აფხაზეთს შორის არარეალიზებული სერიოზული პოტენციალი არსებობს, რომელიც უნდა შეივსოს.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს და ამ კუთხით რუს ინვესტორებზე იმედებს ვამყარებთ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ “კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გეგმას”. ეს შეეხება ყველა სფეროს, ეკონომიკას, ბიზნესს, სპორტს, კულტურას, სოციალურ სფეროს. ეს დოკუმენტი ლოგიკური გაგრძელებაა 2014 წლის ნოემბრის ფართო ხელშეკრულებისა”.

დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამჟამად აფხაზური მხარე სწორედ ბიზნესრეგულაციების სინქრონიზაციის კუთხით მუშაობს.

აქვე ბჟანიას აფხაზეთში ინვესტიციების მოზიდვის რამდენიმე წარმატებული მაგალითი მოჰყავს.

“მაგალითად, ახლაც, პანდემიის მიუხედავად, მსხვილი რუსი ინვესტორი ტურისტულ კომპლექსის [150- მდე კოტეჯი და აუზი]  პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ აფხაზეთში, სოფელ ტამიშში, რომლის ანალოგიც არ არსებობს.  ასევე, კვირაზე მეტია, გაგრაში ყველა მსხვილი სპორტული კომპლექსის ასაშენებლად უკვე დაწყებულია სამუშაოები”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი