ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ უახლოეს მომავალში სასამართლოში წარადგენს სარჩელს, რომლის მთავარი მიზანი სკოლებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კურსის დანერგვაა.
ნეტგაზეთთან ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ სარჩელის იდეის ავტორი 9 წლის გოგოა. სწორედ მისი სახელით დაიწყებს დავას ორგანიზაცია სასამართლოში.
ემზადებით სასამართლოსთვის, რაზე იქნება ეს სარჩელი?
სასამართლოში ვემზადებით, რომ წარმოვადგინოთ 9 წლის გოგოს უფლებები. ეს ბავშვი ასაჩივრებს იმას, რომ დღემდე საქართველოში არ ასწავლიან რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის უფლებებს. მთელი არსი ამ სარჩელის არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დაველოდოთ რამე ტრაგიკულ შემთხვევას.
ბავშვებს დაცვა სჭირდებათ დღესვე, ამიტომ, სანამ ვინმე არ დაზიანდება, მანამდე უნდა მივიღოთ ზომები. ამ სარჩელით ბავშვის სახელით ვითხოვთ, რომ რეალურად, საქართველოს მთავრობას, კონკრეტულად განათლების სამინისტროს ეკისრება ვალდებულება, ბავშვებს აკადემიური ფონით მიანიჭოს სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ამ საერთაშორისო ვალდებულებას ისინი არ ასრულებენ. ვითხოვთ, რომ შეასრულონ.
9 წლის ბავშვზე რომ განავრცოთ – როგორ გადაწყვიტა მან სასამართლოსთვის მიმართვა?
ჩვენ ბავშვებთან ვმუშაობთ, ვასწავლით მათ ადამიანების უფლებების შესახებ. შემდგომ მათ, რა თქმა უნდა, უჩნდებათ კითხვები — რატომ არ არის რიგ საკითხებში ბავშვთა უფლებები დაცული. მასაც ჰქონდა ეს კითხვები, ვისაუბრეთ ამაზე მშობლებთან ერთად და მან გამოთქვა სურვილი, რომ სასამართლოში ვიდავოთ. მშობლებიც ჩართულები არიან პროცესში.
რა ნაბიჯებია გასავლელი?
ჩვენ ახლა ვემზადებით. ამ სარჩელს სჭირდება დიდი მომზადება. განვიხილავთ ყველა არგუმენტს. მაგალითად, სახელმწიფოს მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აქა-იქ ეს ინფორმაცია გაბნეულია სხვადასხვა საგნებში. ჩვენ ამ არგუმენტს არ ვეთანხმებით და პირველ რიგში ვითხოვთ, რომ ასაკის შესაბამისად, დაბალი კლასებიდან დაიწყოს სწავლება და იყოს სპეციალური კურსი, რომლის მთავარი მიზანი იქნება ბავშვთა დაცვა სექსუალური ძალადობისგან.
თუმცა, ამასთანავე, კურსის მიზანი იქნება მომავალში მათი სრულფასოვანი თვითრეალიზაცია, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა.
ჩვენ სარჩელში ასევე ვწერთ, რომ ჩვენ არ ვართ სპეციალისტები, ამიტომ კურსის შინაარსი თავად სამინისტრომ უნდა განსაზღვროს. უბრალოდ ვითხოვთ, რომ კურსის მიზანი იყოს დაცული — ბავშვები იყვნენ დაცულნი სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, სექსუალური ძალადობისგან და ჰქონდეთ ასაკთან შესაბამისი ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
რატომ არის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი?
ჩვენი შეფასებით, ეს ცვლილება სასწრაფოდაა მისაღები. გადაუდებელია, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი არის ბავშვების არაინფორმირება: ისინი ვერ იცავენ თავს, ვერ ამოიცნობენ საფრთხეს, არ იციან, როგორ თქვან „არა“, როდესაც მათ, ვთქვათ, სწერენ უცხო ადამიანები, ეხებიან სხეულის სხვადასხვა ადგილზე.
ჩვენთვის ეს კურსი გადაუდებელია.
ვემზადებით სკოლებში სქესობრივი (ან, სექსუალური) და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კურსის დასანერგად სამართლებრივი დავისთვის. სასამართლომდე გვჭირდება საფეხურების გავლა და გავდივართ . ??♀️
Posted by Anna Arganashvili on Wednesday, 21 April 2021
ხშირად სკოლაში სქესობრივი განათლების შეტანაზე საუბრისას ამ ნაბიჯს აპროტესტებენ კონსერვატული ან/და რელიგიური ჯგუფებიც. ფართოდაა გავრცელებული მითი, რომ თითქოს, ბავშვებს ამგვარ გაკვეთილებზე „სექსს ასწავლიან“..
არა, ეს არ არის „სექსის სწავლება“. ეს არის ინფორმაცია რეპროდუქციულ და სქესობრივ უფლებებზე, რომელიც არ არის სექსის სწავლა — ეს ცალსახად უნდა ითქვას.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, იმის გამო, რომ ამ ჯგუფებს არ გაეპროტესტებინათ, კომპრომისზე მივდიოდით. ახლა კი უკვე კომპრომისის დრო არ გვაქვს. ამიტომ, მიუხედავად პროტესტისა, კანონი უნდა შესრულდეს და ბავშვები უნდა დავიცვათ.
სახელმწიფო რომ არ დგამდა ამ ნაბიჯს, ხომ არ არის ზუსტად ამ ჯგუფების დამოკიდებულების გათვალისწინებაც?
კი, ზუსტად ეს არის. მე და თქვენ რომ ვაპროტესტებდეთ რაიმე კანონსაწინააღმდეგოს, ამას არავინ გაითვალისწინებს… ადამიანის უფლებების დაცვა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ორგანოების მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს კანონის უზენაესობას და არა რომელიმე ჯგუფის უკმაყოფილებას. ასეთი ჯგუფები ყოველთვის იარსებებენ. სახელმწიფო მართველობაში ყოფნა კი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ შეგეძლოს არაპოპულარული, მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველი გადაწყვეტილებების მიღება.
რა სირთულეებს ელოდებით?
სიმართლე გითხრათ, სირთულეებს ველოდები… რომ კარგად, პროფესიულად დავიცვა სასამართლოს წინაშე პოზიცია. სხვა სირთულეებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის ანგარიშგასაწევი არ არის.
მე ვარ ადვოკატი, ჩემს ორგანიზაციაში არიან ბავშვთა ადვოკატები და ერთადერთი სირთულე არის, რომ პროფესიულად და კვალიფიციურად დავიცვა საქმე. ყველაფერი დანარჩენი — უკმაყოფილება, ჩვენ მიმართ დაწყებული კამპანია და ა.შ. — ეს ყველაფერი არაახალია. როდესაც ბავშვთა უფლებებს ვიცავთ, ჩვენთვის კრიტიკა პრობლემას არ წარმოადგენს.