ნეტგაზეთი | ამნისტიის პროექტი ხელმომწერ ოპოზიციასთან კონსულტაციებით მომზადდება — თალაკვაძე ამნისტიის პროექტი ხელმომწერ ოპოზიციასთან კონსულტაციებით მომზადდება — თალაკვაძე – Netgazeti
RU | GE  

ამნისტიის პროექტი ხელმომწერ ოპოზიციასთან კონსულტაციებით მომზადდება — თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ამნისტიის კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად მომზადდება.

თალაკვაძე აცხადებს, რომ შეთანხმების გაფორმების მომენტიდან “მედიაში გაჩნდა სპეკულაციები პრეზიდენტ მიშელის ეგიდით შექმნილი და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება”, თუმცა არ აკონკრეტებს, შეეხება თუ არა ამნისტია სამართალდამცველებს.

“არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც მოხდება დაყოვნების გარეშე. პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად. საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს. ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში — “ქართულ ოცნებას” არავითარი სუბიექტური ინტერესი აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არ გააჩნია და მოლაპარაკების პროცესშიც შეთანხმების ამ პუნქტის ჩამოყალიბებაში რამე დამატებითი პირობა არ შეუტანია”, — ნათქვამია თალაკვაძის განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაციისგან, მით უმეტეს, თუ არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართულ და ხელმომწერ მხარეს.

“ამგვარი სპეკულაციები შესაძლოა ემსახურებოდეს ერთ შემთხვევაში შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავდეს მისი განხორციელების პროცესის შეფერხებას. ცხადია, ეს შედის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი დესტრუქციული ჯგუფების ინტერესებში და მიმართულია დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ”, — ამბობს იგი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

“ქართულ ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.

ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზული დანაშაულების მიმართ, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს. რადგან, მათი თქმით, მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამნისტიის გამოყენება იმ პირების მიმართ, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება.

ამ თემაზე:

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.