სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შესწავლა გრძელდება, საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობისას კი, ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი პირი და დარაჯი “დროებით გაარიდეს სამუშაო პროცესს”.
16 აპრილს “კურიერმა” გაავრცელა ინფორმაცია კოჯრის ბავშვთა სახლში ბენეფიციარების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც, ტელეკომპანიის ცნობით, არასრულწლოვანმა ბენეფიციარმა თვითმკვლელობა სცადა. “რუსთავი 2”-ის რესპონდენტი ძალადობაში ადანაშაულებს დაწესებულების დარაჯს, რომელიც ბრალდებას უარყოფს. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, საქმის შესწავლა დაიწყო სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტმა, ჩაერთო სოციალური მუშაკი, გაკეთდა შეტყობინება და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა.
“სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დადგენა, გამოძიების პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, ამიტომ აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. სააგენტოს ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობისას, კოჯრის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებში დასახელებული კონკრეტული თანამშრომლები, მათ შორის ხელმძღვანელი პირი და დარაჯი, დროებით გაერიდებინათ სამუშაო პროცესს.
კოჯრის ბავშვთა სახლში დაინიშნა დროებითი მმართველი, ასევე ჩაერთო განვითარების სპეციალისტთა ჯგუფი. მნიშვნელოვანია, რომ სერვისის მიწოდებაში არ მოხდეს შეფერხება და, ამავდროულად, ადგილზე აღმოიფხვრას პრობლემები. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან”, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.