ახალი ამბები

გოლეთიანის თქმით, “რიონის ხეობის მცველები” 9 მაისს “ალტ-ინფოს” აქციას ემიჯნებიან

21 აპრილი, 2021 • 2019
გოლეთიანის თქმით, “რიონის ხეობის მცველები” 9 მაისს “ალტ-ინფოს” აქციას ემიჯნებიან

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროტესტის მონაწილეები ემიჯნებიან 9 მაისს ულტრამემარჯვენე “ალტ-ინფოს” მიერ დაანონსებულ აქციას, რადგან “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიის შექმნა და ამ ინფორმაციის დაანონსება სურთ. ამის შესახებ გოლეთიანმა გუშინ, 20 აპრილს ფეისბუკ გვერდის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

გოლეთიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ “ალტ-ინფოს” აქცია დაანონსდა როგორც ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი, ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა სხვა საკითხებიც უნდა გაახმიანონ აქციაზე, ასევე, დააანონსონ პოლიტიკური პარტიის შექმნა.

გოლეთიანის თქმით, ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეებს აქვთ მკვეთრად გამოხატული პოზიცია, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ პარტიულ დღის წესრიგს და არ მონაწილეობენ პარტიებისგან მართულ პროცესებში.

“ვინც კი აქამდე სხვადასხვა ქალაქში აანონსებდა აქციებს, ყველა გვიკავშირდებოდა ჩვენ და უბრალოდ სოლიდარობას გამოთქვამენ და მზადყოფნას, რომ ჩაერთონ ამ პროცესებში ჩვენი მითითებებით და ჩვენი იმ დღის წესრიგით, რა დღის წესრიგითაც პროტესტის მონაწილე ხალხი ვგეგმავთ. ანუ ისინი მონაწილეობას იღებენ უშუალოდ ჩვენს გეგმაში. ამ შემთხვევაში განსხვავება 9 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ის არის, რომ ბიჭებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლად, პარტიული ნიშნით აწარმოონ ბრძოლა. ანუ თავისი მესიჯბოქსით, განსხვავებული სათქმელით, ნაწილ მესიჯბოქს არ ვიზიარებთ, რაღაც ნაწილს ალბათ არც ის ხალხიც არ იზიარებს. თუმცა ეს დაპირისპირების საგანი არ არის, უბრალოდ, ვმიჯნავთ საკითხებს, რომ არ გამოიწვიოს ერთგვარი აღრევა ადამიანების თვალში ჩვენი და მათი სტრატეგიების. და მინდა, რომ მკაფიო ზღვარი იყოს გავლებული”, – განაცხადა გოლეთიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი