ახალი ამბები

“არ შეეხოს ამნისტია თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს” – 20 ივნისზე პეტიცია შეიქმნა

20 აპრილი, 2021 • 1040
“არ შეეხოს ამნისტია თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს” – 20 ივნისზე პეტიცია შეიქმნა

Manifest.ge-ზე მოქალაქეებმა შექმნეს პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, 20 ივნისის დანაშაულებში მონაწილე პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს ამნისტია არ შეეხოს.

“საქართველოს პოლიტიკური კრიზისდან გამოსვლისთვის საერთაშორისო მედიატორების ძალისხმევით მიღებული დოკუმენტის თანახმად, უნდა გამოიცეს ფართო ამნისტია 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება აღნიშნული პერიოდის ყველა დარღვევასა და დაკავებას.

მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მათთვის თვალებში დამიზნებით მსროლელი და ამის ბრძანების გამცემებს შორის ტოლობის დასმა ნიშნავს მწვანე შუქის ანთებას მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისთვისა და ანტისაოკუპაციო აქციის უდანაშაულო მონაწილეების ჯერ დამნაშვეებად შერაცხვას და შემდეგ შეწყალებას.

აღსანიშნავია, რომ ”გავრილოვის ღამეს” უამრავმა დემონსტრანტმა, და მათ შორის, მედიის თანამშრომლებმაც, სიცოცხლისთვის სახიფათო არაერთი დაზიანება მიიღეს სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი, დანაშაულებრივი ქმედებების გამო. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამოიღონ შეთანხმებიდან აღნიშნული პუნქტი” ,- აცხადებენ პეტიციის ავტორები.

პეტიციას ამ დროისთვის ხელს 177 ადამიანი აწერს.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

“ქართულ ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.

ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.

ვრცლად წაიკითხეთ:

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

მასალების გადაბეჭდვის წესი