ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თბილისში COVID-19-ის პრევალენტობის შესახებ კვლევის შედეგებს ავრცელებს და აცხადებს, რომ დედაქალაქში გამოუვლენელი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) შემთხვევების რაოდენობას.
კვლევის ფარგლებში, ცერცვაძის თქმით, შეისწავლეს COVID-19-ის გამოუვლენელი შემთხვევების პრევალენტობა (გავრცელება) ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში, სისხლში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრის გზით, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს, თუ მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი COVID-19 ისე, რომ თვითონ ამის შესახებ არ იცის და აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი.
აღნიშნული მონაცემები შემდგომ შეადარეს COVID გადატანილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) პაციენტების რაოდენობას.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, კვლევა ჩატარდ მარტში და მასში მონაწილეობდა 903 პირი თბილისის ყველა რაიონიდან, რომელთაც არ ჰქონდათ გადატანილი დადასტურებული COVID-19. მიღებული შედეგები კი გადაანგარიშებულ იქნა თბილისის მთელ მოსახლეობაზე.
“ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობა შეადგენს 859 ათას პირს. მათგან, ოფიციალური მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19 ა.წ. 10 მარტისთვის გადატანილი ჰქონდა 100 641 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 11,7%-ს.
ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები გამოვლენილ იქნა 204 520 პირში (გამოუვლენლად გადატანილი COVID-19), რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 23,8%-ს. შესაბამისად, გამოუვლენელი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) შემთხვევების რაოდენობას” ,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით, ჯამში, მიმდინარე წლის 10 მარტისთვის COVID-19 გადატანილი ჰქონდა (ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა) 305 161 პირს, რაც შეადგენს დედაქალაქის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-ს:
“ანუ, ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა COVID-19 გადატანილს შესაძლოა არ ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღდმეგო ანტისხეულები)” ,- ამბობს ცერცვაძე.
მისი თქმით, ანალოგიური კვლევა თბილისის მასშტაბით ორჯერ ჩატარდა – 2020 წლის მაისში და 2020 წლის ნოემბერში. მაშინ კვლევის შედეგები, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ასეთი იყო: 2020 წლის მაისში გამოუვლენელი COVID-19 გადატანილი პირების რაოდენობა შეადგენდა თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს, ხოლო 2020 წლის ნოემბერში – 9.1%-ს.