საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მოწადინებულია, შეთანხმების დოკუმენტის ყველა პირობა უმოკლეს ვადაში შეასრულოს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად, დღეს, 20 აპრილს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ღარიბაშვილს ჰკითხეს, როდიდან დაიწყება დოკუმენტში გაწერილი პირობების შესრულება და რამდენად ელოდება ოპოზიციასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
„რაც შეეხება იმპლემენტაციას და შეთანხმების შესრულებას: მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება. ჩვენ მაქსიმალურად მოწადინებული ვართ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევასრულოთ ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ“, — ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილს ასევე ჰკთხეს, რამდენად აქვს ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციული თანამშრომლობის მოლოდინი, რაზეც მან უპასუხა, რომ „ოცნება“ მზადაა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმისთვის.
„და ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტში. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მომენტი, როდესაც დგას დრო გაერთიანების და არა – გაყოფის. ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე დგას უამრავი გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობა საქართველოს პარლამენტში, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების რეჟიმს“, – აცხადებს პრემიერი.
ევროპის პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მას დღეს რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
პირველად მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, იგეგმება, რომ მიშელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს კი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ვახშმაზე უმასპინძლებს.