„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ის და რესპუბლიკური პარტია ენმ-ის გარეშე საპარლამენტო მანდატებს ვერ მოიპოვებდნენ, რის გამოც ამბობს, რომ პარლამენტში პერსონალურად მხოლოდ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ შევა.
„მიმაჩნია, რომ ვერც მე და ვერც რესპუბლიკური პარტია დამოუკიდებლად, საარჩევნო ბლოკისა და ამ ბლოკში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მძლავრი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოვიპოვებდით საპარლამენტო მანდატებს“, – დაწერა პოლიტიკოსმა და მიუთითა, რომ ეს მისი ინდივიდუალური პოზიციაა.
„ამიტომ მე მზაობას გამოვხატავ შევუერთდე საპარლამენტო საქმიანობას ნიკა მელიას გამოსვლისა და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე“, – აცხადებს იგი.
„ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე მან დაადასტურა, რომ პარლამეტნში შესვლას ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლამდე არ აპირებს.
„მინდა გამოვხატო რწმენა, რომ ეს უახლოესი საათების საკითხია და ეს შეთანხმება მიაღწევს საბოლოოდ იმ შედეგს, რასაც ისახავდა მიზნად მოდერაციის დაწყებისას – ჩააცხრობს იმ კრიზისს, რაც არჩევნების დღიდან გრძელდება და დაადასტურებს ქვეყნის დასავლური კურსის ერთგულებას“, – დაწერა მან ფეისბუკზე.
„იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ბატონი მიშელის ჩამოსვლის შედეგი იქნება ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გამოშვება და საერთაშორისო პარტნიორობით მისი მხრიდანაც დოკუმენტის ხელმოწერა“, – აცხადებს თამარ კორძაია.
„რესპუბლიკელების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 19 აპრილს უკვე მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს.
შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა ასევე პარტიების უმრავლესობამ: „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“, „ქართულმა ოცნებამ“.
დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, და „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.
20 აპრილს დოკუმენტს ხელი მოაწერა ენმ-დან წასულმა გრიგოლ ვაშაძემაც.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 20 აპრილს მოუწოდა პარლამენტის არჩეულ ყველა დეპუტატს, დილის 9 საათიდან მივიდნენ ევროკავშირის ოფისში და ხელი მოაწერონ პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს.
ამის შემდეგ ენმ-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“.
რამდენი დეპუტატის შესვლაა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის