ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ გაწმინდოს „ამერიკული დიპლომატია პროტრამპისტული ელემენტებისგან“.
დღევანდელ ბრიფინგზე ნათელაშვილმა ისაუბრა ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის შეთანხმებაზე და თქვა:
„გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩი საქართველოში — ქალბატონი კელი დეგნანი.
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს მოკავშირეები, მფარველები, ზურგის გამამაგრებლებიც. ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს, ან საქართველო მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქრება“, — ამბობს ის.
ნათელაშვილი გულისტკივილს გამოხატავს ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, „რომელმაც ხელმოწერის შედეგად დაამთავრეს პოლიტიკა“. ის ამ მოვლენებს ასე აფასებს:
„ჩემთვის ეს ტრაგიკულია, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო რადარებზე, მსოფლიო ავალაპარაკეთ ჩვენი სიმტკიცით, ერთიანობით, მომავლის რწმენით და ყველა პოზიტიური პარამეტრით, რომელიც ჩვენ გარშემო ჩამქრლი იყო და მაინც ვერ ავიცილეთ არასასიამოვნო შედეგი, რომელიც კატასტროფა არ არის, რადგან ძირითადი პოლიტიკური ძალები პარლამენტში, რიცხობრივად და ხარისხობრივად, ამ წუთისთვის არ შედიან, მაგრამ არასასიამოვნოა, ვინაიდან რუსი ოლიგარქი კუთხეში იყო“ ,— ამბობს ნათელაშვილი.
„ტრამპი თეთრ სახლში დასვა პუტინმა, რუსული ფულებით, ხოლო ტრამპმა დანიშნა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში – რუსეთისა და ოკუპანტების მიმართ ლოიალური დიპლომატები.
მოვუწოდებ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ბაიდენს, დროზე გაწმინდე ამერიკული დიპლომატია და სახელმწიფო დეპარტამენტი პროტრამპისტული ელემენტაბისგან. ტრამპიზმი ნიშნავს პროპუტინიზმს“, – აცხადებს ის.
ამ თემაზე ნეტგაზეთი დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურს. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
გუშინ, 19 აპრილს, ოპოზიციის ნაწილმა და „ოცნებამ“ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ჯერჯერობით შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”.
შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ასევე, ამავე პარტიის კვოტით გასულმა არმახ ახვლედიანმა.
დღეს საქართველოში თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის.