პარლამენტის არჩეული დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით პოლიტიკურ საქმიანობას აღარ აგრძელებს, პარტიის ოფიციალურად დატოვების შესახებ კი გადაწყვეტილებას ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
“ამ ეტაპზე მე, ცხადია, აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს, ცხადია, დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას. მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, მექნება საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას. იმედია, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დანარჩენს კი უფრო დეტალურად საღამოს ეთერებში გაგიზიარებთ”, – წერს სალომე სამადაშვილი.
ის ხსნის, რატომ მოაწერა ხელი ინდივიდუალურად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს და ამბობს, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი იყო საბოლოო ვერსია, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა.
“ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც 8 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ევროკავშირში საქართველოს მისიას, პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც მთავარ მიზანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას გადამწვეტი ფაქტორი არის, ემსახურება თუ არა ეს ნაბიჯი აღნიშნულ მიზანს. არის თუ არა შეთანხმება, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი? ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში, ჩვენ მივედით დასკვნით ფაზასთან — ანუ, შემოთავეზებული დოკუმენტი იყო საბოლოო ვერსია, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა”, — წერს სამადაშვილი.
სამადაშვილის შეფასებით, მოლაპარაკებების პროცესში, მათ შორის მისი აქტიური მონაწილეობით, მიაღწიეს მაქსიმუმს: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარანტიას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ფორმულას და საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც შესაძლოა, იდეალური არაა, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი გარანტიაა, რომ მომავალი არჩევნები ვერ და არ ჩატარდება ისე, როგორც უკანასკნელი.
სამადაშვილი ამბობს, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა მისი მოწვევით გაიმართა, თუმცა სხდომაზე გადაწყდა, ენმ-მ ხელი არ უნდა მოაწეროს დოკუმენტს, სანამ მელიას არ გაათავისუფლებენ.
“პოლიტიკურ საბჭოს გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ იყო ეს პოზიცია დამაზიანებელი პარტიისთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, როგორ აღიქვამდნენ ამას სახეში გარტყმად ჩვენი პარტნიორები — ევროკავშირი და აშშ. იქვე დავაფიქსირე ჩემი სურვილი, რომ ამ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, მე პირადად. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ერთადერთ გზად დატოვა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებადაც. არგუმენტი, რომ ენმ ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელიც მელიას გათავისუფლების გარანტიაა და ითხოვს მის უპირობო გათავისუფლებას, არ აღმოჩნდა დამარწმუნებლი, მეტიც, ვიტყოდი, რომ გაუგებარია მედიატორებისთვის. გამოვხატე ჩემი წუხილი, რომ ენმ-ის უარი ხელმოწერაზე აღქმული იქნებოდა ოპოზიციის დანაწევრებად და კამპანია, რომელიც ხელმომწერების წინააღმდეგ გაიმართებოდა, დააზიანებდა ოპოზიციურ ერთობას. დააზიანებდა ენმ-საც, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს იზოლირება გაუკეთოს, როგორც “დესტრუქციულ” ძალას”, — წერს სამადაშვილი.
სამადაშვილის თქმით, რადგან მისი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, დოკუმენტის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მიზნით საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ხელი მოაწერა დოკუმენტს.
“საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, იმედია, ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის დასრულების მიზნით, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მიზნით გადაიდგა სწორედ ეს ნაბიჯი”, — წერს სამადაშვილი.
სალომე სამადაშვილმა 19 აპრილს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, რასაც ენმ-ის სხვა წევრების და მხარდამჭერების კრიტიკა მოჰყვა.