ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციასა და შეხვედრის კადრებს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ შეხვედრას ენმ-დან თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, აკო მინაშვილი და კობა ნაყოფია ესწრებოდნენ.
დღეს, 19 აპრილს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დოკუმენტს ხელს არ აწერს, რადგან ბუნდოვანია “პოლიტიკური პატიმრების” გამოშვების გეგმა და ადგილობრივი არჩევნების ვადამდელ არჩევნებთან მიბმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა.
მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.