არასამთავრობო ორგანიზაციები, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, (TI) და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია), განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პარტიებს, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტს.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვისთვის შექმნილი საფრთხე.
შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ მხარეებმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად:
“ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით ახალი, კომპრომისული წინადადება შესთავაზა. წინადადება ითვალისწინებს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხს და მათი განხორციელების ვადებს. შესაძლოა, დოკუმენტი ბოლომდე არ ასახავდეს ჩართული მხარეების ყველა მოთხოვნასა და ინტერესს, თუმცა კომპრომისი სწორედ ასეთ შეუთანხმებელ საკითხებზე დათმობასა და კონსენსუსის მიღწევას გულისხმობს.
მისასალმებელია, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს. თუმცა, სამწუხაროდ, ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული. საქართველოს წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები, მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოითხოვს ისეთ კომპრომისს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რაც დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების წინაპირობაა” ,- აცხადებენ განცხადების ავტორები.
დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა. მოვუწოდებთ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვისთვის შექმნილი საფრთხე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გუშინ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა.
მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.