უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურის მამუკა მამულაშვილის ცნობით, დონბასში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, ქართული ლეგიონის მებრძოლი დათო შარტავა.
მამულაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დათო შარტავა დღეს, 18 აპრილს უკრაინულ ქალაქ მარიუპოლთან ახლოს, სოფელ ვადიანოესთან ბრძოლაში დაიღუპა.
ფოტო გარეკანზე – გარდაცვლილი დათო შარტავა.
დონბასში მცირე ინტენსივობის დაპირისპირება მარტის ბოლოდან მიმდინარეობს, რა დროსაც ერთმანეთის პოზიციებზე შეტევას ახორციელებენ უკრაინის თავდაცვის ძალები და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები. კიევის განცხადებით, სეპარატისტულ დაჯგუფებებს ფინანსური და სამხედრო კუთხით რუსეთის ფედერაცია ეხმარება.
პირველ აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ “რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია არის სისტემური და უდიდესი, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებულა”.
თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ძალებს შორის ბრძოლად მიაჩნია.