ახალი ამბები

მე პირადად მხარს ვუჭერ – ჯაფარიძე მიშელის დოკუმენტზე

18 აპრილი, 2021 • 644
მე პირადად მხარს ვუჭერ – ჯაფარიძე მიშელის დოკუმენტზე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტს პირადად მხარს უჭერს.

მისი თქმით, დოკუმენტს პარტიის პოლიტსაბჭოზე განიხილავენ და გადაწყვეტილებასაც იქ მიიღებენ.

“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ვნახეთ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასთან მიმართებაში და განვიხილეთ, შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად ამოვწუროთ. ამავდროულად შემოთავაზება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არაა, რაც ჩვენ გვსურდა თავიდანვე, მაგრამ ესაა ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, იმიტომ რომ საუბარია 43%-იანი ზღვრის დაწესებაზე მხოლოდ პროპორციული მაჩვენებლებით და არა მაჟორიტარული მაჩვენებლებით.

ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არის შეთანხმება, რომელსაც მე პირადად მხარს ვუჭერ. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ეს არის საბოლოო დოკუმენტი და მოელიან პოლიტიკური სპექტრისგან ამ დოკუმენტის მხარდაჭერას. ამიტომ, მე პირადად მხარს ვუჭერ ამ დოკუმენტს, ჩვენ უნდა განვიხილოთ ის პარტიაში პოლიტსაბჭოზე, რის შემდეგაც გვექნება ფორმალური გადაწყვეტილება. ამდენი თვის შრომამ, ამ ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია, როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი