ახალი ამბები

ბერლინში სოლიდარობა გამოუცხადეს “რიონის ხეობის მცველებს”

17 აპრილი, 2021 • 1207
ბერლინში სოლიდარობა გამოუცხადეს “რიონის ხეობის მცველებს”

ბერლინში მცხოვრებმა ქართველებმა 17 აპრილს გამართეს აქცია, რომლითაც სოლიდარობა გამოუცხადეს რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლუკა ბაქრაძემ, “ნეტგაზეთს” უთხრა, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს როგორც ჰესის პროექტი, ისე საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც “ამ დღეებში მან რიონის ხეობის მცველების წინააღმდეგ მიმართა”.

“მთლიანად ეს პროექტი არის საზოგადოებრივი ინტერესის წინააღმდეგ მიმართული პროექტი. ის გაკეთდა და შეიქმნა საზოგადოების ზურგს უკან. ეს არის მართლაც სახელმწიფოს ინტერესების დათმობით გაკეთებული და ერთეულების გამდიდრებაზე ორიენტირებული პროექტი, რომელსაც საზოგადოება, იმედია, არ გაატანინებს ხელისუფლებას”, — აღნიშნავს ის.

„რიონის ხეობის მცველები“ უკვე 5 თვეზე მეტია, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავენ. გასულ კვირას პოლიციამ აიღო კარვები, რომლებშიც აქტივისტები მორიგეობდნენ. ამ ფაქტმა, ხეობაში გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, ვითარება მეტად გაამწვავა.

სოლიდარობის აქცია ბერლინში. ფოტო: ლუკა ბაქრაძე სოლიდარობის აქცია ბერლინში. ფოტო: ნათია მესხი

ხეობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, 16 აპრილს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდნენ. აქტივისტთა მოთხოვნაა, შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა და მიეცეთ “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.

სახელმწიფო ამბობს, რომ ამ მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად რამდენიმე დღეა საჭირო. 17 აპრილის დილით პოლიციამ სოფელ გუმათთან აღმართული რკინის ბარიერების ნაწილი აიღო, თუმცა გადაადგილება ხეობაში ისევ შეზღუდულია.

გუმათი| გზის სავალი ნაწილიდან რკინის ბარიერები აიღეს, თუმცა გადაადგილება ისევ შეზღუდულია

მასალების გადაბეჭდვის წესი