ახალი ამბები

მელია-რურუას საკითხის გადაწყვეტის გარეშე დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ — სამადაშვილი

16 აპრილი, 2021 • 813
მელია-რურუას საკითხის გადაწყვეტის გარეშე დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ — სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციისთვის მთავარი საკითხებია ვადამდელი არჩევნები, ასევე, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლება. შესაბამისად, სამადაშვილისთვის გაუგებარია პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეთავაზება დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

სამადაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მომზადებული დოკუმენტის მხოლოდ 3 საკითხზე იყო შეთანხმება მიღწეული და თუ ხელისუფლებამ სხვა საკითხებზე პოზიციები შეიცვალა და მედიატორი ჩათვლის საჭიროდ, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არიან:

“დღეს ერთადერთი დოკუმენტი არსებობს, რომელზეც საუბარი იყო მედიატორთან ბოლო შეხვედრაზე. იმ 5 საკითხიდან 3-თან დაკავშირებით ჩვენ არ გვქონდა შენიშვნები, მაგრამ ჰქონდა ხელისუფლებას. ამიტომ, თუ ისინი დღეს აცხადებენ, რომ მზად არიან ხელი მოაწერონ, შეგვიძლია ასე გავიგოთ, რომ შეთანხმება სამ საკითხზე მიღწეულია. რაც შეეხება დარჩენილ ორ საკითხს, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მე არ მომისმენია ბატონი თალაკვაძისგან რაიმე ხედვა ამასთან დაკავშირებით. ნიკა მელიას და გიორგი რურუას თემის დახურვის გარეშე, ცხადია, ჩვენ დოკუმენტს ხელს ვერ მოვაწერთ. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, დოკუმენტში, რომელიც მედიატორმა წარმოადგინა, იქ ვადამდელ არჩევნებზე საერთოდ არ იყო საუბარი.

ამიტომ თალაკვაძის განაცხადი ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ერთი მხრივ, ამბობს, რომ იმ დოკუმენტს აწერენ ხელს და, მეორე მხრივ, სხვა პირობებზეც საუბრობს. ასეთი მსჯელობა არ არის სერიოზული, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხი უნდა ამოიწუროს. ამიტომ, თუ ბატონი თალაკვაძე ამბობს, რომ ამ პუნქტთან დაკავშირებით მათი პოზიცია შეიცვალა და მედიატორი ჩათვლის საჭიროდ ამ ვითარებაში გააგრძელოს მოლაპარაკებები, შესაბამისად, დაველაპარაკებით მედიატორს ამ თემებზე”, — ამბობს სალომე სამადაშვილი.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია ვერ აიღებს 40%-ს ან მეტს, ის მზად არის, განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით.

დღეს თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ შეთანხმების პროექტს ცალმხრივად ხელს მოაწერს და თუ იგივე ნაბიჯს ოპოზიციაც გადადგამს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი