ახალი ამბები

გვარამიას თქმით, პროკურატურამ ავსტრიაში სამკურნალოდ წასვლაზე უარი უთხრა

16 აპრილი, 2021 •
გვარამიას თქმით, პროკურატურამ ავსტრიაში სამკურნალოდ წასვლაზე უარი უთხრა

“მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პროკურატურამ უარი უთხრა სამედიცინო მიზნებისთვის ქვეყნის დატოვებაზე.

გვარამის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ავსტრიაში სასწრაფოდ სჭირდება გამგზავრება კვლევების ჩასატარებლად და მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა, უწყებისგან ქვეყნის დატოვებაზე უარი მიიღო:

“მოგეხსენებათ, ჩემი სამარცხვინოდ პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს და სრულიად გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურის თანხმობა მჭირდება ქვეყნის დასატოვებლად (ეს დამატებითი სანქცია ცალკე მტკიცებულებაა, რომ საქმე პოლიტიკურია).

სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო. რამდენიმე თვეა, ვცდილობ ჩემი ჯანმრთელობის პროლემების მოგვარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. ამიტომ დამჭირდა უცხოელი ექიმების ჩარევა.

ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვახერხე და კოვიდით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ავსტრიელმა ექიმებმა ჩამინიშნეს აუცილებელი კვლევები, რომლებიც აქ, სამწუხაროდ, არ ტარდება და სრულიად აუცილებელია ჩემი მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და განკურნებისთვის.

ჩემი ავსტრიელ ექიმებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ ჩათვალეს, რომ მე მჭირდება მათი “სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა” (ციტატა მათი წერილიდან) და კონკრეტული კველვები და სამედიცინო პროცედურები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ამგვარი აუცილებლობის გამო, ავსტრიის სახელმწიფომ მომცა ქვეყანაში შესვლის სპეციალური და საგამონაკლისო საშვი”, — ამბობს გვარამია.

მისი თქმით, პროკურატურას მისთვის არ წარუდგენია უარის დასაბუთება. მისი წასვლა არც სასამართლო პროცესის მიმდინარეობას აფერხებს და არც სადმე გაქცევას აპირებს:

“პროკურატურას წარვუდგინე ავსტრიელების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია და მივმართე მოთხოვნით, რომ მოეცათ თანხმობა, ერთი კვირით დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არც სასამართლო პროცესების მიმდინარეობას აფერხებს და, ცხადია, არც სადმე გაქცევას ვაპირებ.

სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე პროკურატურისგან მივიღე უარი. დასაბუთება – არავითარი: მიმალვის საფრთხე. სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა, არ მუშაობს. და რა მუშაობს, აბა, სიკვდილი, როგორც აბსოლუტური საჭიროება?” — აცხადებს “მთავარი არხის” დამფუძნებელი.

ნეტგაზეთი პროკურატურას დაუკავშირდა განმარტებისთვის. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამჟამად კი „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამის საქართველოს პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ქონების გაფლანგვას ედავება.

ამ საქმეზე კიდევ ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი – „რუსთავი 2-ის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორსა და დაკავშირებული კომპანიის, „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს.

ეს ბრალდება გვარამიას ოფიციალურად წარედგინა 2019 წლის ნოემბერში, თუმცა მანამდე ედავებოდნენ „საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“.

გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი