თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, საქართველოს ბანკში, სავარაუდოდ, მძევლები აიყვანეს და ბანკს ძარცვავენ. როგორც ტელეკომპანია რ2-ის და სხვა ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებშია ნაჩვენები, ამ დროისთვის ავლაბრის მეტროს მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია და გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია.
“შეიჭრა ერთი ბიჭი, არის იარაღით. 3 თანამშრომელი ჰყავს აყვანილი და 1 დაცვა. მე აქ ვიდექი. შიგნით იყო მოხუცი ქალი, რომელიც ბანკთან იყო ახლოს და უთქვამს, რომ გამიშვიო, მე აქ ბავშვების გაკვეთილები მაქვსო და გამოუშვია. მე არ გამოვჩნდები და თქვენ გადითო, მიაწექი კარს და გადიო. გამოვიდა ის ქალი და თქვა, შუბლზე მომადო იარაღიო”, — ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი რუსთავი 2-თან.
ნეტგაზეთმა ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ბანკთან სცადა, თუმცა ბანკში დეტალებზე არ საუბრობენ. ბანკში ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მათი თანამშრომლებისა და კლიენტების უსაფრთხოება. ჯერჯერობით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს.
ამ დროისთვის პოლიციამ შეაჩერა ავლაბრის მეტროს ფილიალის მუშაობაც.