ახალი ამბები

მთავრობამ $500 მლნ-ის ვალი აიღო, საპროცენტო განაკვეთი 2,75%-ია

16 აპრილი, 2021 • 653
მთავრობამ $500 მლნ-ის ვალი აიღო, საპროცენტო განაკვეთი 2,75%-ია

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სამინისტრომ დაასრულა 5-წლიანი 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება, რომლის საპროცენტო განაკვეთმა 2,75%-ია. როგორც დღეს, 16 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თქვა, საერთაშორისო ინვესტორების მხირდან მთავრობის მიერ გამოშვებულ ობლიგაციების მიმართ დიდი ინტერესი იყო, რაც საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობაზე მოუთითებს, რაც ასევე აისახა დაბალ საპროცენტო განაკვეთზეც.

“მოთხოვნამ დაახლოებით 4-ჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას, შედეგად, კუპონის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2.75% -ით. მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორები ძირითადად წარმოდგენილი არიან აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. 2.75%-იანი განაკვეთი არ დაფიქსირებულა არასდროს ჩვენს რეგიონში და ეს ერთხმად იქნა აღნიშნული ყველა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მხრიდან”,-აცხადებს ხუციშვილი.

500 მლნ აშშ დოლარიანი ობლიგაციით საქართველო 2011 წელს გამოშვებულ ობლიგაციებს დაფარავს.

“მიმდინარე ახალი ობლიგაციებით ფაქტობრივად მოხდა რეფინანასირება 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციებისა, რომლის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 2.5-ჯერ უფრო მაღალი იყო და რომლის დაიფარვაც მოხდა 2021 წლის 12 აპრილს”,-ამბობს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ახალ ფინანსურ ვალდებულებას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გიცირიძე ეხმაურება. გოცირიძე ამბობს, რომ მთავრობას 10-წლიანი ობლიგაციები უნდა გამოეშვა, რადგან 5 წლის შემდეგ მის დასაფარად ისევ ახალი ვალის აღება მოუწევს.

“მთავრობამ რამდენიმე წუთის წინ ლონდონის ბირჟაზე განათავსა ევროობლიგაციები 500 მილიონი დოლარის ოდენობით, ანუ აიღო ახალი ვალი ძველი ვალის გადასაფარავად. ვადიანობა 5 წელიწადია, წლიური პროცენტი- 2,75. ეს არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ მაქვს რამდენიმე შენიშვნა.

ვინც ამ დღეებში ეცნობოდა ამ საკითხზე ჩემს სტატიებს და სატელევიზიო გამოსვლებს, შეამჩნევდა, რომ ასპროცენტიანი სიზუსტით ვივარაუდე საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. მაგრამ:
-ეს კარგი პროცენტი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ათწლიანი და არა ხუთწლიანი განთავსება. რაც უფრო მოკლე ვადითაა ბონდები განთავსებული, ჩვენი, არასაინვესტიციო საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნისათვის, პროცენტი უფრო დაბალია. 5 -წლიან განთავსებაზე, დღეს მსოფლიოში არსებული საბაზრო კონიუნქტურიდან გამომდინარე, პროცენტი ცოტა უკეთესი შეიძლება ყოფილიყო. შეცდომაა, რომ არ მოხდა ევროობლიგაციების 10 წლით განთავსება (მსგავსად სომხეთისა). ხუთი წლის შემდეგ აუცილებლად მოგვიწევს ახალი სესხის აღება ამ სესხის გასასტუმრებლად და მაშინ ასეთი ხელსაყრელი პირობები არ იქნება. მსოფლიოში იაფი ფულის ბუმია ბევრი მიზეზის, მათ შორის პანდემიის კრიზის გამო. მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკის სტიმულირებისათვის ხდება დიდძალი რესურსების გამოყოფა, რაც წარმოქმნის ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთს საფინანსო ბაზარზე”, – წერს გოცირიძე.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობამ ევროობლიგაციების ხუთწლიანი გამოშვება მიიჩნია სწორად:
“წლოვანებიდან გამომდინარე, პროცენტი განსხვავებულია, ერთწლიან [ობლიგაციას] სხვა პროცენტი აქვს, სამწლიანს- სხვა და ა.შ. ამის შეჯერება, სარგებლის შეწონება ხდება და აქედან გამომდინარე მიიღება გადაწყვეტილება. ყველა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის პოზიცია იყო, რომ დღეს, ამ კონკრეტულ ეტაპზე, სარგებლიანი იყო ხუთწლიანი ევროობლიგაციების გამოშვება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი