ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ელჩებთან

16 აპრილი, 2021 • 1033
რაზე ისაუბრეს ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ელჩებთან

“ნამახვანი ჰესის” მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მირზა ნოზაძის განცხადებით, ის და ვარლამ გოლეთიანი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ონლაინ შეხვდნენ. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრები სამომავლოდაც გაიმართება. ამის შესახებ ნოზაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩები და სხვა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

“ვისაუბრეთ იმ რეალურ კითხვებზე, რომელსაც ჩვენ “ნამახვან ჰესის” კაშხლის ირგვლივ ვსვამთ. აღმოჩნდა, რომ სრულად ინფორმირებული არ იყვნენ საკითხის დეტალებში და ძალიან კარგი საშუალება იყო მათთან გახსნილი და პირდაპირი საუბრები, რადგან ისინი სრულად ჩაწვდნენ მოტივებში, თუ რა გვამოძრავებს ამ პროტესტის ავტორებს და მონაწილეებს”, – განაცხადა ნოზაძემ.

მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელბის კითხვები ძირითადად ეხებოდა იმას, თუ კონკრეტულად რომელ ნაწილში ხედავდნენ ნამახვანის პროტესტის მონაწილეები სახელმწიფოსა და “ენკას” შორის დადებული ხელშეკრულების არასახელმწიფოებრიობას. ნოზაძის განცხადებით, მან და ვარლამ გოლეთიანმა დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს განუმარტეს, რომ მათი პროტესტი კერძო ინვესტორისთვის ენერგორესურსების მუდმივი გადაცემის საკითხს ეხება.

ამასთან, ნოზაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შეხვედრაზე კითხვები იყო ნამახვანის პროტესტის მონაწილეების კარვების დაშლის დღეს ადამიანის უფლებების ნაწილთან დაკავშირებით.

“ჩვენც მოგვეცა საშუალება, ყველა იმ თემაზე, რაც მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის, ხაზგასმით და დეტალურად გაგვეკეთებინა აქცენტები და არის მოლოდინი, რომ ეს განხილვა მეორე ფაზაში გადავა, სადაც მოგვეცემა საშუალება, უშუალოდ ელჩებს შევხვდეთ და კიდევ უფრო მეტად მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საერთაშორისო საზოგადოაბას”, – განმარტა ნოზაძემ.

რიონის ხეობის მოსახლეობის, გარემოსა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

აქციის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს პროტესტის მონაწილეების მოთხოვნას, “ქვეყნის პიკეტირებას დაიწყებენ”, მოგვიანებით კი აქციებს დედაქალაქშიც გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი