ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც სანაიას ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, მომსამართლემ წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა.
მისივე თქმით, დაცვის მხარე დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლებას 4 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ.
ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.