“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ში ვიზიტისას მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა “მინიშნებები” მიიღეს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდებათ.
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრები შეხვდნენ ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტს, სენატორ ჯიმ რიშს და კონგრესმენებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფს წარმოადგენენ.
კობახიძის განცხადებით, შეხვედრებისას საკმაოდ დიდი დრო ეთმობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი და როგორ ხედავენ პროცესის განვითარებას. კობახიძის თქმით, პარტნიორებისგან “საინტერესო მოსაზრებებს და რჩევებს” ისმენენ.
“ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ეს ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც, მზად ვართ, გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა, პრინციპების დაცვით. ეს პრინციპები არის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები.
გვქონდა ყველა დეტალზე საუბარი, არჩევნებთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც არჩევნებს და სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. მთლიანობაში აბსოლუტურად ყველა დეტალზე ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი რჩევების მოსმენა”, — განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
კობახიძის თქმით, აშშ-ში შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხები იყო რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინაში მიმდინარე პროცესები.
“ყურადღება გავამახვილეთ იმაზეც, რომ რუსეთი რაღაცნაირად კვლავ ახერხებს თავისი გავლენების გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც შეშფოთების საგანია და ამაზე ჩვენ ვმსჯელობთ ჩვენს პარტნიორებთან. ასევე საუბარი გვქონდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, საქმე ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას და, ბუნებრივია, ეს საკითხი იყო განხილვის საგანი”, — განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 12 აპრილს გაემგზავრა. ის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემაგდნელობაშიც არიან “ქართული ოცნების” საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა და პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 აპრილამდე გაგრძელდება.