სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო გიორგი მუმლაძის დაკავების დროს პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს:
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება 2021 წლის 14 აპრილს, პარტია ,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეკრების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილე გ. მ-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”
გუშინ, 14 აპრილს, გიორგი მუმლაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდება 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, “ქართული ოცნების” ოფისთან 14 აპრილს გამართულ აქციაზე მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
14 აპრილს მმართველი პარტიის ოფისთან 5 აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე დააკავეს. აქტივისტები აქციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.